“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციებით მისთვის არაფერი იცვლება - ამის შესახებ დეპუტატმა მედიას პარლამენტში განუცხადა.
“ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, საქართველოს ისტორიაში ქვეყნის განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს წირავდა და ერთ სანქციას როგორმე ჩვენც ავიტანთ”, - ამბობს ზავრადაშვილი.
კითხვაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ზიანი მიადგება ხელისუფლების დასანქცირების გამო, ან აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისთვის, ზავრადაშვილი აცხადებს, რომ “არ გადაიხედება”.
“ჯერ კიდევ საკითხავია, სანქციები ვის და როგორ დაუწესდება, კარგად წაიკითხეთ განცხადება. ჯერ დააწესონ სანქციები და მერე ვილაპარაკოთ. არ გადაიხედება, დამშვიდდით”, - ამბობს “ოცნების” დეპუტატი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ბლინკენი ასევე აცხადებს, რომ აშ-ი საქართველოსთან თანამშრომლობასაც გადახედავს.