მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის კურსი ფუნდამენტურად იცვლება. ეს ტემპი აჩქარდა ახლა - თედ ჯონასი

ბიზნესიურისტი

ამერიკელი ბიზნესიურისტი თედ ჯონასი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კურსი ფუნდამენტურად იცვლება და ეს პროცესი 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ რადიკალურად დაჩქარდა. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს მოძრაობის მიმართულებას შეეხებოდა.

ის იხსენებს, რომ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობს და ყველა მთავრობის პერიოდში მოუწია მუშაობა. ჯონასი ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობის დემოკრატიულობის თავდაპირველად სჯეროდა კიდეც და მას აკრიტიკებდა კიდეც, თუმცა მალე საწინააღმდეგოში დარწმუნდა

„ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის საქართველო. მე ამ ქვეყანაში ვეტერანი ვარ – კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე. საქართველოში 1994 წელს ჩამოვედი. შევარდნაძის მთავრობა გამოვიარე, სააკაშვილის და ახლა ეს მთავრობა. 1994–1996 წლებში ენდიაი–ს თავმჯდომარე ვიყავი. შემდეგ ბიზნეს–ადვოკატი ვიყავი. ბოლო 7–8 წელს თუ არ ჩავთვლით, პოლიტიკური არასდროს ვყოფილვარ. ჩემს საქმეს, როგოც ადვოკატი ისე ვაკეთებდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ადამიანი დამიცავს, ვინც კორუფციას ედავებოდა შევარდნაძის ხელისუფლებას და მის კანტორას, მაფიას – ბევრ უცხოელ ინვესტორს ვიცავდი მათ შორის. სააკაშვილის დროს – ამ ადამიანების უმრავლესობას ვიცნობდი, მხარსაც ვუჭერდი 2010 წლამდე, როცა მივხვდი, რომ ყველაფერი რადიკალურად იცვლებოდა და ბიზნესი უკვე სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ დაცვას მთხოვდა. ბიძინა ივანიშვილმა პირადად იცის და ძალიან კარგად იცის, რომ მე კლიენტებს ვიცავდი სააკაშვილის ხელისუფლებისგანაც – რადგან ის მე მიკავშირდებოდა ხოლმე ამ თემებზე 2012 წლის ზაფხულში. პირადად მიცნობს. ასე მეძახდა – სიძეჩვენი სიძე – დარწმუნებული ვარ, ასე საყვარლად აღარ მომიხსენიებს ხოლმე. და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად სააკაშვილის მმართველობის დროს ირიბად მაფრთხილებდნენ ხოლმე და მაშინებდნენ – არაფერი დამმართნია. იმ მთავრობას ადარდებდა, რას ფიქრობდა დასავლეთი. როცა ეს ხელისუფლება მოვიდა 2012 წელს – ვთქვი – მიეცით შანსი. მაშინ საქართველოს მოქალაქე არ ვიყავი. მარგველაშვილმა მომანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამერიკის სავაჭრო პალატის ბორდის წევრი ვიყავი. ჩართული ვიყავი სასამართლო რეფორმაში, დემორატიის შესახებ დისკუსიებში. ქართული ოცნების ხელისუფლებას არც ვაკრიტიკებდი, დაახლოებით 2014–2015 წლამდე – და მაშინაც, გარემოსდაცვით საკითხებზე. ვაკის პარკის გამო და შემდეგ – პანორამა თბილისის გამო. მერე უკვე მივხვდი, რომ ეს არასდროს იქნებოდა დემოკრატიული მთავრობა, ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული იყო მმართველობა და ამას პრინციპულად არ ვეთანხმებოდი. იმის თქმა მინდა, რომ ესენი ყველა წინამორბედისგან განსხვავებული ხელისუფლებაა. როდის მოხდა ტრანსფორმაცია შეგვიძლია ვიდავოთ. ოპოზიცია ამბობს, რომ როგორც კი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ეტყობოდა, რომ რუსეთის აგენტი იყო და რუსეთისკენ მივყავდით; ამის არ მჯეროდა. ვამბობდი, მივცეთ შანსი. ევროკავშირისკენ მივდივართ, ნატოსკენ – ვაცადოთ“, - იხსენებს თედ ჯონასი.

დღეს კი ბიზნესიურისტი ამბობს, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილებასა და ძალადობას.

„2021 წელს როცა მიშელის ხელშეკრულებიდან გავიდნენ – როცა დავფიქრდი – რატომ მოიქცნენ ასე? საზოგადოებრივი აზრი მათ მხარეს იყო, იგებდნენ. ახალი რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ – მათი რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა და ღიად ანტი–დასავლურები გახდნენ. დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებოდი – ეს ხალხი თავს გვესხმის. თავს ესხმის შეერთებულ შტატებს. თავს ესხმის ევროკავშირს. კანონზეც აღარაა უკვე საუბარი – ქვეყნის მთელი ორიენტაცია, კურსი იცვლება ფუნდამენტურად. ეს ტემპი აჩქარდა ახლა. ბიძინას გამოსვლამ გასულ კვირას რადიკალურად დააჩქარა ეს პროცესი. ძალიან ღია გამჭვირვალე საჯარო განცხადებით – მე ვარ რუსული კანონის ავტორი, მე ვარ ამ პროპაგანდის ავტორი, მე ვაშორებ საქართველოს დასავლეთს, ისინი ჩვენს გადაგდებას აპირებენ, ვარდების რევოლუცია დასავლეთის შეთქმულება იყო. ისინი ბელორუსულ სცენარს იმეორებენ. ეს ქვეყანა რუსეთის ბანაკში შეჰყავთ. ეს არის მათი გეგმა. ეს არის მათი მიზანი. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მიიღებს. არც იდეოლოგიურად და არც იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ურტყამენ და სცემენ. ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს“, - აცხადებს თედ ჯონასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები