მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 25%-ზე მეტით - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 25%-ზე მეტით. ამის შესახებ მან 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვებაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.

ხუციშვილის თქმით, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 2,8 მილიარდ დოლარამდე ოდენობის მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც არის 5,5-ჯერ მეტი ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობასთან მიმართებით. ის, რომ ძალიან მაღალია შეფასება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და გაზრდილია მოთხოვნა, მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების მიმართ ინტერესსა და ნდობაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა, როგორც ევროობლიგაციების ისე, მსოფლიოს სხვა ბაზრებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

„ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვექნება ღონისძიებები, მოვიწვევთ საერთაშორისო ინვესტორებს ქართულ ბაზარზე, სადაც ინტერესი ძალიან მზარდია ბოლო თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები