მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პირველი Rooms-ის გახსნა ევროპაში გვინდა - ჩეხერია

ROOMS

სასტუმროების ქართული ბრენდი Rooms ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადის. ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე გატანის გეგმაზე გადაცემა #რედაქტ2-ში სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. ბრენდის ექსპორტის ზუსტ ვადებსა და ადგილს ის ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს: “გვინდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი Rooms ევროპაში გავხსნათ”.

კომპანიის ხელმძღვანელებს საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის განვითარება, ობლიგაციების გამოშვების შემდეგ სურთ, რისთვისაც ეკონომიკურად სტაბილური გარემოა საჭირო. ვალერი ჩეხერია იმასაც ამბობს, რომ ბონდების გამოშვებას მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გეგმავენ.

“ვმუშაობთ Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან. გვინდა, გამოვუშვათ ბონდები, მივიღოთ წვდომა უფრო იაფ ფულზე და დავგეგმოთ ახალი პროექტები, რომელშიც აუცილებლად მოიაზრება ქვეყნიდან გასვლაც. ჯერჯერობით ვერ გეტყვით რომელ ქალაქში, მაგრამ გვინდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი Rooms ევროპაში გავხსნათ”, - აცხადებს ჩეხერია.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო Rooms-ის ევროპაში გახსნაზე მოთხოვნა თავად ევროპული ქვეყნებიდან მოდის.

“ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს. აქეთ გვეუბნებიან: „მოდი, დავპარტნიორდეთ და შემოვიტანოთ ეს ბრენდი“. გვაქვს შემოთავაზებები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, ბრიტანეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან... ჯერჯერობით რომ გითხრათ, რომ შენობა ვნახეთ სადმე და გადავწყვიტეთ, მოდი ეს იყოს - არ გვაქვს. აუცილებლად დავიწყებთ ევროპული ქალაქიდან, მაგრამ რომელი ქალაქიდან, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით”, - აღნიშნავს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი Rooms Hotel, “აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში” შემავალი კომპანიაა, რომელიც დღეისთვის Rooms-ის ქართული ბრენდის 4 სასტუმროსთან ერთად, Holiday Inn-ს მართავს და კვების მიმართულებით მოქმედ Rooms Catering-სა და Rooms Bakery-ს აერთიანებს.

სასტუმროების ქართული ბრენდ Rooms-ის პირველი სასტუმრო ყაზბეგში 2012 წელს გაიხსნა, რასაც 2014 წელს მოჰყვა Rooms Hotel-ის თბილისში ამოქმედება, მესამე რუმსი ასევე სამთო კურორტზე ბაკურიანში 2020 წლის დასაწყისში გაიხსნა. 2023 წელს კი პირველი სტუმრები Rooms Batumi-მაც მიიღო. კომპანია დღეს ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთი სასტუმროს გახსნა აბასთუმანში 2025 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვებას შემოდგომისთვის გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები