სამწუხაროა, რომ დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის დახარჯული თანხების შემცირებაზე.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე პირველ რიგში ზრუნავს საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეები ჩვენი შენატანით ბიუჯეტში და სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, რომელიც აღებული აქვს როგორც ჯარის, ასევე თავდაცვისუნარიანობის მიმართ.
„ჩვენ, ქართველები, ჩვენი შენატანებით და გადასახადებით უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. რაც შეეხება უცხოურ მონაწილეობას, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს თავის არსით არ არის ცალმხრივი დახმარება, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა. განსაკუთრებით, როცა ახსენებთ აშშ-ს, საქართველოს თავისი წვლილი აქვს შეტანილი აშშ-სთან სხვადასხვა მისიებში. ხაზს გავუსვამ, რომ მაშინ, როცა ნატოს წევრების უმეტესობა შტაბის იქით არ გადიოდა, საქართველოს ჯარისკაცები იყვნენ ავღანეთში და იბრძოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ამიტომ, ეს არის ურთიერთსასარგებლო საქმიანობა. სამწუხაროა, რომ დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია. როგორც კი ეს ომი დასრულდება, ვითარება შეიცვლება რადიკალურად და დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როცა აშშ სწორად დააფასებს საქართველოს პარტნიორობას“, - თქვა პაპუაშვილმა.