კომპანია „ბიელ ანლიმითიდმა“ 5 მლნ დოლარის ინვესტიციით შიდა ქართლში, კურორტ ქვიშხეთში სასტუმრო „მწერლები“ 2020 წლის 1 მარტს გახსნა, თუმცა პანდემიის გამო ახლად გახნილი სასტუმრო 1 კვირაში დაიხურა.
ამ დროისთვის 20-ნომრიანმა სასტუმრომ, რესტორნით, ტერასებით, ღია აუზითა და მულტიფუნქციური საბავშვო მოედნით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპატრამენტის მიერ უსაფრთხოების შემოწმება წარმატებით გაიარა და 15 ივნისიდან ამოქმედდა.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას კურორტის გენერალური მენეჯერი ნანუკა თევზაძე აცხადებს, სასტუმროში 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათგან 90% ადგილობრივები შეადგენენ.
„სასტუმროს მშენებლობის სამუშაოები 1.5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ეტაპისთვის გახნილია 20-ნომრიანი სასტუმრო, თუმცა დამატებით მომზადებულია ტერიტორია 40-ნომრიანი სასტუმროს და სარესტორნე და ღონისძიების დარბაზის მშენებლობისთვის.
ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 5 მლნ დოლარია. ამავე დროს ჩვენ ვისარგებლეთ „აწარმოე საქართველოში“ სასტუმროს ბიზნესის თანადაფინანსების კომპონენტით და პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენი მიზანი ადგილობრივების დასაქმება იყო, და სწორედ ამიტომ დასაქმებულთა 90%-ს აქ მაცხოვრებლები შეადგენენ. ჩვენ მათ ინტენსიურ გადამზადებას უზრუნველვყოფთ, რადგან მათ ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდათ“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
მისი თქმით, სასტუმროს გახსნას ჯერ კიდევ მარტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელ ვიზიტორებში, ხელახალი გახნის შემდეგ კი სასტუმრო ადგილობრივმა დამსვენებლებმა სრული დატვირთვით აამოქმედეს.
ქვიშხეთი ყოველთვის ცნობილი იყო როგორც საკუროროტო ზონა, ის არის დაბალმთიანი კურორტი და ტემპერატურული სხვაობა დღისით და საღამოს ზომიერია.
„1 მარტს როგორც კი გავხსენით სასტუმრო საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვქონდა აპრილი-მაისზე ბელგიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, მაგრამ შემდგომში ყველა ეს ჯავშანი გაუქმდა.
შემდეგ კი, როგორც კი სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადდა სასტუმროების ამოქმედების თარიღი, ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ფაქტიურად 10 დღეც არაა გასული და შემიძლია გითხრათ რომ შემდგომი ერთი თვის „უიქენდებზე“ ადგილები არ გვაქვს. კვირის დღეებში კი ძირითადად გრძელვადიან სტუმრებს ვიღებთ, ვინც მინიმუმ 1 კვირა ჩამოდის ჩვენთან. ისეთი მოთხოვნა წამოვიდა ჩვენი სასტუმროს მიმართ, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში გამოიწვია კარგმა ლოკაციამ, დედაქალაქთან სიახლოვემ და არაჩვეულებრივმა ბუნებამ და გარემომ. სამწუხაროდ, ბევრ მსურველს ვერ ვაკმაყოფილებთ, დატვირთულობის და ადგილების არქონის გამო“, - ამბობს ნანუკა თევზაძე.
სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზრიდილი ხარჯების გათვალისწინებით, სასტუმრომ შეინარჩუნა ის ფასები, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული და „მწერლებში“ დასვენების საშუალო ღირებულება 2 კაცზე, საუზმით 420 ლარს შეადგენს.
„თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა ბაზარზე 2 განსხვავებული ფასით შემოსვლა: ადგილობრივი ტურისტისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იქიდან გამომდინარე რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ადგილობრივებისთვის. გახსნამდე, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და შევძელით იმ ფასის შენარჩუნება, რაც პანდემიამდე გვქონდა დაგეგმილი, ამასთან ვაკეთებთ გარკვეულ ფასდაკლებებს.
ფასები არ შეგვიმცირებია, იმიტომ რომ პანდემიის შემდგომ თვითღირებულება საოპერაციო ხარჯების საკმაოდ გაზრდილია, თუნდაც გამკაცრებული რეგულაციებიდან გამომდინარე მოგვიწია კადრების დამატება, შესაბამისად გაიზარდა სადეზინფექციო ხარჯები, ასევე მკვეთრად გაიზარდა საკვები პროდუქტების ღირებულება, შესაბამისად ხარჯი მინიმუმ 30%-ით გაიზარდა და ღირებულებას ვერანაირად ვერ შევამცირებდით, ამიტომ ბაზარზე დაგეგმილი ფასით შევედით“, - განმარტა კურორტ „მწერლების“ გენერალურმა მენეჯერმა.