ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სამ ახალ ტარებად მოწყობილობაზე: ჭკვიან სათვალეზე, AI გულსაბნევსა და კამერით აღჭურვილ AirPods-ზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, სამივე პროდუქტში ინტეგრირებული იქნება კამერები, რათა კომპანიის AI მოდელს, Siri-ს გარემოს აღქმის შესაძლებლობა მიეცეს. თუმცა ვერცერთი ეს მოწყობილობა iPhone-ის გარეშე ვერ იფუნქციონირებს.
როგორც ირკვევა, Apple-ს უკვე დაწყებული აქვს პროტოტიპების გამოცდა. MacRumors-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიდან ერთ-ერთი პროდუქტი, კამერიანი AirPods-ი მიმდინარე წელს გამოვა, ხოლო სათვალისა და გულსაბნევის პრეზენტაციას 2027 წელს ვიხილავთ.
არსებული ინფორმაციით, Apple-ი პროდუქტების წარმოების კუთხით კონკურენტებისგან, მათ შორის, Meta-სგან განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებს. მაგალითისთვის, ჭკვიანი სათვალის ჩარჩოს კომპანია დამოუკიდებლად დაამზადებს და თავს შეიკავებს სათვალის ბრენდებთან თანამშრომლობისაგან. შედარებისთვის, მარკ ცუკერბერგის Meta-ს ჭკვიანი სათვალეების კორპუსს Ray-Ban-ი ქმნის. Apple-ის ამ ახალ მოწყობილობაში ჩაშენებული იქნება ორი კამერა. მათგან ერთი - მაღალი გარჩევადობის ვიდეოების გადაღებისთვის, მეორე კი - სივრცის აღსაქმელად.
რაც შეეხება AI გულსაბნევსა და AirPods-ის კამერებს, მათ გაცილებით დაბალი გარჩევადობა ექნებათ, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია მომხმარებლისთვის ვიდეო-გადაღების სერვისის შეთავაზება არ იქნება. ორივე მოწყობილობა დაკავშირებული იქნება Apple-ის ხელოვნურ ინტელექტთან და მათი მოვალეობა გარემოსა და ყბის კუნთების მოძრაობის შესახებ სისტემისთვის მონაცემების მიწოდება იქნება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Apple-მა ისრაელური სტარტაპი Q.AI შეიძინა. კომპანია, რომლის მიერ შექმნილ პროდუქტსაც შეუძლია ხმის ამოღების გარეშე, სახის კუნთების მოძრაობაზე დაკვირვებით ჩვენი სათქმელის გაგება და სიტყვებად გარდაქმნა. AirPods-ში ჩაშენებული კამერა სწორედ ამ ტექნოლოგიის სრულყოფილად ათვისებას მოხმარდება.
გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ტექნოლოგიური სექტორის ამერიკული გიგანტი აქტიურად ცდილობს AI-ს სრულ ინტეგრირებას თავის ეკოსისტემაში. მართალია, თავად კომპანიამ ვერ შეძლო Google-ის Gemini-სა და OpenAI-ს ChatGPT-ს კონკურენტის შექმნა, თუმცა მომავალ პროგრამულ განახლებებში Apple-ი თანამედროვეობის ყველაზე ეფექტურ AI მოდელს, Gemini-ს დაეყრდნობა და პარტნიორი ტექ-გიგანტისთვის წელიწადში $1 მილიარდის გადახდით უზრუნველყოფს, რომ მისი მოწყობილობები სრულად აკმაყოფილებდნენ მომხმარებლების მოთხოვნებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.




























