„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად მზად არის, თუმცა კომპანია ობიექტური გარემოებების გამო, ჯერჯერობით ცენტრალური აზიის სახელმწიფოში ოპერირებას ვერ იწყებს. ამის შესახებ IBG-ის დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა „წერტილში“ სტუმრობისას ისაუბრა.
ბიზნესმენმა უზბეკეთის ბაზრის ათვისება „წერტილში“ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დააანონსა და თქვა, რომ Mitsubishi-მ აზიის ბაზარზე გაფართოება გადაწყვიტა და პარტნიორებად სწორედ Iberia Business Group-ი შეარჩია, რაც კომპანიისთვის დიდი ნდობა და დაფასებაა. დღეს კი ბიზნესმენი ამბობს: „მზად ვართ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად. ძალიან ძლიერი პარტნიორი გვყავს, შეთანხმება ძალაშია. ერთადერთ პრობლემას, რასაც ჩვენგან დამოუკიდებლად წავაწყდით ეკოლოგიური რეგულაციაა, ტექნიკური პრობლემებია, რომლის ადაპტირებაც ხდება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, ჩვენ დავიწყებთ ოპერირებას ამ ძალიან საინტერესო ქვეყანაში“.
კომპანიის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს რომ საარჩევნო წლის მიუხედავად ავტობიზნესში მოქმედი კომპანიისთვის წლის პირველი ნახევარი პოზიტიური იყო.
„ჩვენმა მენეჯმენტმა და ფინანსურმა დეპარტამენტმა გაყიდვები სწორად დაგეგმა და მიუხედავად იმისა რომ პესიმისტურად ვუყურებდით, მაინც მინიმუმ 25-30%-ით უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე იგეგმებოდა. ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წლის მეორე ნახევარიც პოზიტიურ ნოტაზე დაიხურება. მთლიანობაში, გეტყვით, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ფინანსური ვალდებულებები წარსულს ჩააბარა და გამართულად არის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის რომ ევროპაში, აზიაში ან სხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბრენდებს სერვისები აქვთ, იმავე და ახალი მოდელებით გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი“, - განმარტა ხეჩიკაშვილმა.
IBG ჰოლდინგი საქართველოში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Volkswagen, Audi, Skoda, Kia და Mitsubishi.