მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, ენერგოობიექტების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთებას ასახელებს. ასე უპასუხა გიორგი მარგებაძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ შესაბამის კითხვას.
"ერთადერთი პრობლემა ელექტროსისტემის ქსელთან მიერთებაა. სწრაფ რეჟიმშია შესასრულებელი ელექტროსისტემის 10-წლიანი გეგმა, იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონებში - რაჭაში, ლეჩხუმში, ზემო თუ ქვემო სვანეთში, გურიასა თუ სამცხე-ჯავახეთში, მიერთების პრობლემა აბსოლუტურად ყველგანაა. სასწრაფოდ გასაკეთებელია ქსელის რეაბილიტაციები, ახალი ქვესადგურები, ახალი სიმძლავრეები, ახალი ტრანსფორმატორების დადგმაა საჭირო და „ენერგოპრო ჯორჯიას“ ქსელები განსავითარებელია“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე და დასძენს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩადებული ინვესტიციების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც უნდა გადაიხედოს.
„ეს უკვე სემეკის კომპეტენციაა. ყოველთვის ვამბობ, რომ "ენერგო-პრო" კერძო კომპანიაა და მან უნდა ჩადოს თანხები, უნდა განაახლოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და ეს ტარიფშიც უნდა აისახოს, რადგან მერე ეს ფული უნდა ამოიღოს. სხვანაირად არ გამოვა. ვფიქრობ, სამომხმარებლო ტარიფი ხელოვნურად არის გაჩერებული, რომ არ გაიზარდოს. ამ დროს ქსელებს მოწესრიგება სჭირდება, რომ ახალი გენერაციები გაჩნდეს. ეს, თავის მხრივ, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ახალ ქონების გადასახადებს გადაიხდის და ასე შეიქმნება ჯაჭვი, რომელიც ბიზნესსა და ეკონომიკას განავითარებს. ახლა თუ შენ [სემეკი] "ენერგო-პროს" არ გაუზრდი ტარიფს და ეტყვი, რომ სულ ასე იყოს, როგორც არის, გვექნება სულ 70-იანი წლების გაკეთებული ქვესადგურები, სადაც დამატებითი სიმძლავრეების მიერთება ვერ ხერხდება“, - განმარტავს გიორგი მარგებაძე და დასძენს, რომ ენერგოპროექტების განხორციელებისას დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის აღნიშნავს, რომ ენერგოპროექტების ინვესტორი კომპანიებისთვის 1 მლრდ ლარის ჩამოწერა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პრობლემის გარდა, დარგს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს.
„დროზე მნიშვნელოვანი არაფერია. ეს 1 მილიარდი ლარი კომპანიებზე რომ გადაანაწილო, ვიღაცისთვის შეიძლება 100 000 დოლარი იყო ჯარიმა, ვიღაცისთვის 200 000, ვიღაცისთვის 15 000 დოლარი. ვერ იტყვი ასე, ვის რამდენი, რა ვადა ჰქონდა გადაცილებული. ახლა ვიღაცისთვის 15 000 დოლარი თუ იყო, იმას გინდ ჩამოაწერე, გინდ არა... იმის თქმა მინდა, რომ მთავარი დროა. როდესაც სამინისტრო ამ თემას ასეთი სიმკაცრით მიუდგება, გამოვა, რომ ის სპეკულანტი ინვესტორები ბაზრიდან ნელ-ნელა გავლენ, გამოთავისუფლდება მიერთების ადგილები, გამოთავისუფლდება კარგი პროექტები, რომელიც ვიღაცების ბიძაშვილებს დაჯავშნილი ჰქონდა... ანუ ეს სწორი მიდგომაა. იმის კვლევაში, ვინ რამდენით უნდა დაჯარიმებულიყო და სამართლიანი იყო თუ არა ეს ჯარიმები, დიდი დრო გავიდოდა. ანუ ეს იყო პრობლემა... თუმცა ამ პრობლემის გარდა, დარგს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება, მაგალითად, ქსელზე მიერთების საკითხი და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.




























