მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს საერთაშორისო ინვესტორს საქართველოში ბიზნესის დაწყებისგან? - იურისტის მოსაზრება

კოჟორაძე

რა არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვები უცხოელი ინვესტორებისგან, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავენ? - ამ საკითხზე BMGTV-ის ეთერში კომპანია „კოჟორიძე და იურისტების“ დამფუძნებელმა კახა კოჟორიძემ, ისაუბრა. მისი განმარტებით, ინვესტორებისთვის მთავარი ბიზნესის დაცულობა და ამ დაცვის გარანტიებია.

“ეს აქსიომაა, რომ როდესაც ბიზნესმენი იწყებს ინვესტიციაზე ფიქრს, მთავარი კითხვა, რაც უჩნდება ისაა, იქნება თუ არა მისი ბიზნესი დაცული. ამ დაცვის გარანტიას ვერ მისცემს ვერც მინისტრი, ვერც სხვა ხელისუფალი, რადგან ყველამ იცის, რომ ხელისუფლებები იცვლება, არჩევნები ტარდება და ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ვინმეს გარანტი.

ამიტომ ჩვენ თუ არ შევქმენით სისტემა, რომელიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორს დაცულობის გარანტიას მისცემს, ვერ გვექნება პრეტენზია, რომ სწრაფი ტემპით განვვითარდეთ. თუკი რამეა დღეს სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემა და ამოცანა, ეს არის დამოუკიდებელი, სამართლიანი, ანგარიშვალდებული სამართლის სისტემის შექმნა”, - ამბობს კახა კოჟორიძე და დასძენს, რომ ხელისუფლებისგან სასამართლო დავების მართვის ბერკეტის დათმობის ნიშნებს ვერ ხედავს.

ამავდროულად, 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და საარბიტრაჟო დავების წარმოებაზე 65 მილიონ ლარს დახარჯავს. კოჟორიძის განმარტებით, ამის მიზეზი უცხოელი ინვესტორების მხრიდან საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მინიჭებული უპირატესობაა.

“ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც დიდი ბიზნესმენი საქართველოში ბიზნესის გაკეთებას გადაწყვეტს, როგორც წესი, საინვესტიციო ხელშეკრულებაში დავის განმხილველ ორგანოდ ადგილობრივ სასამართლოს არ ცნობენ და ცდილობენ, საერთაშორისო არბიტრაჟზე გააკეთონ აქცენტი.

ბიუჯეტში გამოყოფილი 65 მილიონიც ამაზე მეტყველებს, რომ ბევრმა დაინახა პრობლემა და საერთაშორისო არბიტრაჟებში წავიდნენ. ამ დროს საქართველოს ბიუჯეტიდან უწევს დავებისთვის იურისტების დაქირავება, რადგან აქ გაფუჭებული საქმე როგორმე იქ გამოსწორდეს. ამიტომ ვისურვებდი, ისეთი სასამართლო სისტემა შევქმნათ, რომ ინვესტორებს კონტრაქტში დავის განსახილველ ინსტიტუტად ადგილობრივი სასამართლო ეწეროთ”, - ამბობს კოჟორიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები