2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 13.3%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია. თუმცა ჩნდება კითხვა რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი და რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა.
საქსტატის ინფორმაციით, წელს მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი უმნიშვნელოდ 0.1%-ით გაიზარდა, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი კლებაა თვითდასაქმებულებში და 14 ათასით შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვი. რაც შეეხება უმუშევრობას, მესამე კვარტალში უმუშევართა კლება 12 ათასი იყო.
საბოლოოდ გასული კვარტალის შედეგები ასე გამოიყურება: ქვეყანაში დასაქმებულად ითვლება 1.4 მილიონამდე ადამიანი, აქედან 975 ათასი დაქირავებით დასაქმებულია; თვითდასაქმებულთა რაოდენობა 418 ათასია, ხოლო უმუშევრად ითვლება 214 ათასი პირი. სამუშაო ძალა, ანუ ის ადამიანები ვინც სამსახურს ეძებენ ჯამში 1.6 მილიონია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა სამუშაო ძალის მაჩვენებელიც. სამუშაო ძალად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ან უმუშევარია და სამსახურს ეძებს. 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ადამიანების რიცხვი, ვინც სამსახურს ეძებს თითქმის 24 ათასით შემცირდა.
ამიტომ ჩნდება კითხვა იყო თუ არა უმუშევრობის შემცირების მთავარი მიზეზი სამუშაო ძალის კლება.
"უნდა ვიცოდეთ, რომ უმუშევრობა არ შემცირდა იმიტომ, რომ დასაქმება გაიზარდა აბსოლუტურ რიცხვებში, რადგან ვხედავთ, რომ დასაქმებაც შემცირებულია. ანუ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით შემცირებულია და შესაბამისად, ერთადერთი მიზეზი უმუშევრობის კლების არის ის გარემოება, რომ სამუშაო ძალა შემცირდა და საბოლოოდ ამან გამოიწვია უმუშევრობის შემცირება", - აცხადებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
უმუშევრობის შემცირებას გარკვეულწილად დასაქმების სახელმწიფო პროგრამაც უწყობს ხელს. ოფიციალური სტატისტიკით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებით ცნობილ დასაქმების პროგრამაზე ჯამში 40 ათასამდე საარსებო შემწეობის ჰყავდა მთავრობას დასაქმებული. ეს ადამიანები თვეში 300 ლარს იღებდნენ და დაქირავებით დასაქმებულთა სტატისტიკაში ირიცხებიან.
"მიზეზი რატომაც შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც გარკვეული მიზეზით აქამდე სამუშაო ძალაში ირიცხებოდნენ იყვნენ დასაქმებულები ან სამუშაოს ეძებდნენ, შემცირდნენ. მეტი მდგენელი სამუშაო ძალას არ აქვს. სულ ამ ორი კატეგორიის შედგება. სამუშაო ძალაში არ შედის ადამიანი, რომელიც სამუშაოს არ ეძებს. ანუ ის უმუშევრად არ ითვლება. ამ შემთხვევაში სამუშაო ძალის ნაწილმა განიცადა შემცირება, შემცირდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე შემცირდა უმუშევრების რაოდენობაც. მარტივად რომ ვთქვათ ადამიანების გარკვეულმა ნაწილში შეწყვიტა სამუშაოს ძებნა. შესაბამისად, როცა ვამბობთ, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა ეს თავისთავად დადებითი მაჩვენებელი არ არის იმ პირობებში, როცა დასაქმებულთა რაოდენობაც გვიმცირდება. ამიტომ მხოლოდ უმუშევრობის პროცენტს არ უნდა შევხედოთ", - ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია.
მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიური კომპონენტიც. ანუ ვის თვლი საქსტატი უმუშევრად, დასაქმებულად და სამუშაო ძალად და როგორ ხდება მათი აღრიცხვა.
"დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშებისას საქსტატი ეფუძნება 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას, რომლის რაოდენობა გახლავთ დაახლოებით 2 950 000. ეს მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 1 610 000 ადამიანს და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა აერთიანებს ორ კატეგორიას. ეს გახლავთ დასაქმებულები, წარმოდგენილი დაქირავებულებისა და თვითდასაქმებულების სახით, მეორე უმუშევართა რაოდენობა, მაგრამ უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი გახლავთ შემდეგი. პირი არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში, ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად. უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში არის უმუშევრობის დონე, რომელიც 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით გახლავთ 13.3%", - გვეუბნება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ პანდემიას არ ჩავთვლით, როცა ქვეყანაში საკარანტინო ზომების გამო ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა, რამაც თავისთავად უმუშევრობა გაზარდა, უმუშევრობის დონე კლებულობს, თუმცა მესამე კვარტალის მონაცემები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მკვეთრი თვითდასაქმებულების.




























