მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა აქტივებს ფლობენ UAE-ს ინვესტორები საქართველოში?

არაბეთი
სტატიაში საუბარია:

დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია EMAAR-ი საქართველოში $6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. შეთანხმება თბილისში, ბათუმსა და გონიოში ახალი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს.

“ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში”, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რა ინვესტიციები აქვთ განხორციელებული UAE-ს კომპანიებს საქართველოში?

UAE საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ინვესტორია ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოყოლებული. მთლიანობაში უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან, ანუ 1997 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორებს საქართველოში $2.2 მილიარდი დოლარი აქვთ ჩადებული. პიკური ინვესტიციები 2017 წელს დაფიქსდირდა და ის 256 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2023 წელს ინვესტიციები 109 მილიონი დოლარი იყო, რაც შეეხება 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით 9 თვეში UAE-დან ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ინვესტიციების მინიმალურ სტატისტიკას წარმოადგენს, თუმცა ის შესაძლოა მომავალში დაზუსტდეს.

UAE-ს უმსხვილეს ინვესტორი საქართველოში საამიროების სამეფო ოჯახის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანია.

ტერაბანკი

ბანკის აქტივები 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რითიც საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების ზომით მერვე ადგილს იკავებს. ბანკის სასესხო პორტფელი 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკმა 2024 წლის 11 თვეში 29.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

ბანკის ანგარიშის თანახმად, მისი 65%-ის მფლობელია შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანი, ბანკის 30%-იან წილს ასევე UAE-ს სამეფო ოჯახის წევრები ფლობენ.

სასტუმრო "ბილტმორ" თბილისი

სასტუმრო ბილტმორ თბილისი 2016 წელს გაიხსნა. სასტუმრო 32-სართულიან ცათამბჯენს და 214 ნომერს მოიცავს. სასტუმროს მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და მასზე "დაბი ჯგუფმა", რომელსაც შეიხი ნაჰაიანი ხელმძღვანელობს 140 მილიონი დოლარი დახარჯა.

კომპანიის უახლესი ანგარიშის თანახმად, რაც 2023 წელს მოიცავს, სასტუმროს შემოსავალი 36 მილიონ ლარს შეადგენდა. სასტუმროს აქტივები 224 მილიონ ლარს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, კომპანიის 66%-ის მფლობელია შეიხი ნაჰაიანი.

"თბილისი მოლი"

თბილისი მოლი პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია საქართველოში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.მ-ს იკავებს. პროექტის მფლობელია UAE-ს დეველოპერული კომპანია Rakeen Development-ი.

უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მოლის შემოსავალი 29 მილიონი ლარი იყო, მისი აქტივები 227 მილიონ ლარს შეადგენს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯორჯია" - სუპერმარკეტების ქსელი "კარფურის" ფრენჩიზი საქართველოში

UAE-ს ინვესტიციით საქართველოში მოქმედი უმსხვილესი კომპანიაა “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯორჯია”, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელის, “კარფურის” ფრენჩაიზის მფლობელია.

2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 804 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 6 მილიონი ლარი იყო.

ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 2023 წელს 9.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი 1991 წელს გაიხსნა და ის საქართველოში FDI-ის ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენდა. სასტუმროს მფლობელია კომპანია "რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი". 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 27 მილიონი ლარი იყო, აქტივები კი 222 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმრო 220 ნომრისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები