SOFAZ-ი, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი აზერბაიჯანის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანია, რომელიც ვალდებულია აზერბაიჯანის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული მოგება წარმატებულ საინვესტიციო პროექტებში დააბანდოს.
ფონდის აქტივები 70 მილიარდ დოლარს აღემატება და მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტი ამერიკულ საინვესტიციო ფონდ BlackRock-თან ერთად ლონდონის გეტვიკის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტში 67 მილიონ დოლარს ჩადებს.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული SOFAZ-ის საინვესტიციო პარტნიორი Global Infrastructure Partners-ი იქნება, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ჰოლდინგის, BlackRock-ის შვილობილია.
SOFAZ-ს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი ეკუთვნის, რომლის მოცულობაც 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც 23 მილიარდი დოლარი ოქროში არის ინვესტირებული. ბოლო ერთ წელში SOFAZ-ის აქტივები $8 მილიარდით გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, ფონდის ოქროს რეზერვები 165 ტონას აღემატება.
SOFAZ-ის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის შემდეგ SOFAZ-მა განსაზღვრა, რომ მისი აქტივების 25% შეიძლება ოქროში იყოს ინვესტირებული. 2023 წლის ბოლოსთვის ფონდის საკუთრებაში არსებული ოქრო 11.4 მილიარდ მანათს, ანუ 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მას შემდეგ 2024 წელს SOFAZ-მა 3.6 მილიარდი დოლარი დახარჯა ოქროს რეზერვების შევსებაზე, ხოლო 2024 და 2025 წლებში კი ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც ფონდის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების ღირებულებამ დღეისთვის უკვე 23 მილიარდ დოლარს მიაღწია.
SOFAZ-ს აქტივებიდან 25 მილიარდი დოლარი ინვესტირებულია აშშ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში, 12 მილიარდი დოლარი არის განთავსებული ევროს აქტივებზე, გირვანქა სტერლინგის აქტივებზე 2.6 მილიარდი დოლარი, ფონდის 2.5% ჩინური იუანის, 1.3% კი იაპონური იენის აქტივებში არის ინვესტირებული.
ფონდი ამასთან ყოველწლიურად საბიუჯეტო შენატანებს ახორციელებს, 2023 წელს ფონდმა 6.9 მილიარდი დოლარი გადასცა ცენტრალურ მთავრობას, 2024 წელს კი ეს თანხა 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2025 წელს ფონდის მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადაცემული ზუსტი თანხა ჯერჯერობით უცნობია.
Moody's-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვენერული რეიტინგის გაუმჯობესების გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ SOFAZ-ის შედეგებმაც სადაც აკუმულირებული 70 მილიარდი დოლარი სახელმწიფოსთვის კრიზისის დროს ბუფერის ფუნქციის შემსრულებელი შეიძლება იყოს.




























