მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ) გააკეთა მთავრობამ „წყალტუბოს წყლების“ გამოსყიდვის შემდეგ?

აბანოები

წყალტუბოს 6 აბანოდან, რომელიც უძრავ/მოძრავ ქონებასთან და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ერთად, სახელმწიფომ მილიონერ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბალნეოსერვისისგან“ 2021 წელს გამოისყიდა, ამჟამად, ფუნქციონირებს N6 წყარო, ხოლო სეზონურად (ზაფხული/შემოდგომის პერიოდში) - N1 წყარო.

ინფორმაცია BMG-მ სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიიდან“ გამოითხოვა, რომელიც თავის მხრივ, ასევე სახელმწიფო კომპანია შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ დამფუძნებელია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელსაც წყალტუბოს 6 აბანოდან მხოლოდ ერთი - N6 წყარო ფუნქციონირებდა, ამიტომ BMG დაინტერესდა, რა შეიცვალა მას შემდეგ, როცა მთავრობამ წყალტუბოს წყლები $8.1 მილიონად თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან გამოისყიდა.

„2021 წლიდან შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ მიერ განხორციელდა მინერალური წყლების სრული შესწავლა, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ბალნეოლოგიური სივრცეში განთავსებული გრიფონების/ჭაბურღილების მდგომარეობის შესწავლას, დებეტის გაზრდის მიზნით, გარკვეული პროცედურების განხორციელებას, მინერალური წყლის ტრანსპორტირების შესაძლებლობებს, მინერალური წყლის დაზუსტებული შემადგენლობის დადგენის მიზნით, არაერთი ქიმიური ანალიზის ჩატარებას, წყლის შემადგენლობაში რადონის შემცველობის შესწავლას და სხვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ფუნქციონირებს N6 წყარო, ხოლო სეზონურად (ზაფხული/შემოდგომის პერიოდში) ფუნქციონირებს N1 წყარო.

შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ გამართული ფუნქციონირებისა და ვიზიტორებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, განხორციელდა მოქმედ წყაროებზე გარკვეული ფლიგერების ესთეტიკური მოწესრიგება, აღდგენილი და განახლებული იქნა სამედიცინო დანადგარები, განთავსდა გარე განათების სისტემები, დამონტაჟდა თანამედროვე ტუმბოები, სრული შენობა აღიჭურვა უკაბელო ინტერნეტით, განთავსდა გახმოვანების სისტემა და სხვა.

ჯამურად, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების, ასევე მინერალური წყლის შესწავლა/კვლევისა და სპორტული სახეობის ხელშეწყობისთვის გაწეული ხარჯის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 220,391 ლარი, რაც შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ მიერ საკუთარი შემოსავლებიდან დაიფარა“, - მოგვწერეს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიიდან“.

მისივე ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ ჯამურმა შემოსავალმა 4,470,576 ლარი შეადგინა.

„წყალტუბოს თერმულ წყლებს“ 2022 წელს 10,167 ვიზიტორი ჰყავდა, 62 ქვეყნიდან, ხოლო 2023 წელს - 12,337 ვიზიტორი 67 ქვეყნიდან, მაგრამ ქვეყნები არ დააკონკრეტეს.

ამ ეტაპისთვის, კომპანიაში თურმე დასაქმებულია 81 თანამშრომელი. რაც შეეხება ხელფასებს, როგორც სახელმწიფო კომპანიიდან მოგვწერეს, 2023 წლის ერთი თვის სახელფასო ფონდი (დარიცხული) 91,353 ლარი იყო ანუ წლიური სახელფასო ხარჯი, დაახლოებით, 1 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ BMG-ის რამდენიმე კითხვა უპასუხოდ დატოვა. კერძოდ:

  1. შპს "წყალტუბოს თერმული წყლების" დირექტორი შალვა ქასრაშვილია. რამდენია მისი სახელფასო ანაზღაურება?
  2. იგეგმება თუ არა ე.წ. წყალტუბოების აბანოების პრივატიზაცია ან იჯარით გადაცემა. თუ - კი, გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ, როგორ/რა გზებით სთავაზობთ აქტივებს ინვესტორებს?
  3. 2021 წლიდან დღემდე რატომ ვერ მოახერხა „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ სხვა აბაზანების ამუშავება ან იჯარით გადაცემა?/არ გამოჩნდა მსურველი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები