ბოლო დროს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოსახლეობის გვერდით ერთი მოულოდნელი მოკავშირე აღმოჩნდა - მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი, რომელმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და „ქართულ ოცნებას“ ამ მუქარით მიმართა:
„მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ!“
მუქარის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ჰაკერები საქმეს შეუდგნენ და 1-ელ მაისს რამდენიმე ვებგვერდი გატეხეს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ და პროპაგანდისტული მედიასაშუალება POST TV-ის. 2 მაისს კი Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიც დაჰაკა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო.
როგორც ჰაკერები ამბობენ, მათი ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა და ისინი ქართველი ხალხის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებენ, სანამ რუსეთისგან მომავალი საფრთხე სრულად არ დაიძლევა.
რამდენად განგრძობითი იქნება Anonymous-ის მხარდაჭერა, ამის თქმა ნამდვილად რთულია, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები ახლა უკვე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ამ მოვლენებს არა მარტო დასავლელი პარტნიორები, არამედ ჰაკერებიც კი აკვირდებიან.
ცხადია, ქართულ რეალობაში Anonymous-ის გამოჩენის ფონზე, ჩნდება შეკითხვა, თუ რას წარმოადგენს ეს ჰაკერული დაჯგუფება და რა მიზანს ემსახურება ის?
დავიწყოთ Anonymous-ის ისტორიით, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 2003 წლიდან იღებს, ამ დროიდან მოყოლებული, ჰაკერების საერთაშორისო ლეგიონში არაერთი ცნობილი პროგრამისტი, აქტივისტი და ჟურნალისტი ჩარიცხულა.
სახელწოდებიდან გამომდინარე, Anonymous-ის წევრები ანონიმურები არიან, რადგან ჰაკერული საქმიანობა არცერთ სახელმწიფოში დაშვებული არ არის. მიუხედავად არალეგალური გზებით სარგებლობისა, როგორც წესი, ჰაკერები ისტორიის სწორ მხარეს დგანან და მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიული რეჟიმების მიერ ჩაგრული მოსახლეობის დაცვას ცდილობენ.
თავად ორგანიზაცია სრულად დეცენტრალიზებულია, ანუ ის არ ექვემდებარება ცენტრალური მართვის სისტემას და მას არ ჰყავს ერთი ლიდერი. ეს თვისება Anonymous-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ ის უბრალოდ უკვდავი იყოს, რადგან საფრანგეთში ერთი ჰაკერის დაჭერა გერმანიაში მყოფ მეორე ჰაკერს ვერ შეაჩერებს. სწორედ ამ თვისების წყალობით, Anonymous-მა თანამედროვე კიბერსამყაროში 20 წელიწადზე დიდი ხანი გაძლო და არ არის გამორიცხული, მან კიდევ დიდ ხანს იარსებოს.
რამდენი აქტიური წევრია Anonymous-ში და კონკრეტულად რა მიზანს ემსახურებიან ისინი, უცნობია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ციფრული ლეგიონი ათასზე მეტ ჰაკერს აერთიანებს და მათი უმეტესობა საქმიანობის სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს არ იღებს.
სხვა ჰაკერული დაჯგუფებებისგან განსხვავებით, Anonymous-ში ჰაკერები არა სარგებლის მისაღებად, არამედ ფილოსოფიური პრინციპების დასაცავად ერთიანდებიან, ამ პრინციპებს შორის უმნიშვნელოვანესი კი თავისუფლებაა.
როგორც ჰაკერები აცხადებენ, ისინი თავისუფლების სადარაჯოზე დგანან და ომს უცხადებენ ყველას, ვინც თავისუფლებას ზღუდავს. წლების განმავლობაში, Anonymous-მა კიბერომი გამოუცხადა: რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ტერორისტულ ორგანიზაციებს, არაეთიკური საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ოლიგარქებს, კორუმპირებულ პოლიტიკოსებს და ახლა უკვე საქართველოს მთავრობას, რომელმაც ბოლო დროს გეზი იცვალა და ევროპის ნაცვლად რუსეთის გზა აირჩია.
სანამ გააგრძელებენ ანონიმური ჰაკერები საქართველოს მხარდაჭერას, რთული სათქმელია, რადგან, როგორც გითხარით, Anonymous-ს არც მმართველი ორგანო და არც სამოქმედო გეგმა არ აქვს. ჰაკერების ლეგიონი ინდივიდუალური აქტორების ნებაზე დგას და თუ "ანონები" სწორად ჩათვლიან, შესაძლოა, მთელი მსოფლიოს კიბერმებრძოლები ქართველების მხარდამხარ აღმოჩნდნენ.