მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის

ბლოკჩეინი

წარმოიდგინეთ ციფრული ჩანაწერების წიგნი, რომელიც ერთდროულად ათასობით კომპიუტერში ინახება. წიგნი, რომელში შეტანილი ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ეს არის ბლოკჩეინი - ტექნოლოგია, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.

მეტი სიცხადისათვის, ერთად გავარკვიოთ რა არის ბლოკჩეინი, როგორ მუშაობს ის და რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი თქვენთვის.

რა არის ბლოკჩეინი და როგორ დაიწყო ყველაფერი

ბლოკჩეინის ისტორია 1991 წელს დაიწყო, როდესაც მკვლევრებმა სტიუარტ ჰაბერმა და სკოტ სტორნეტამ პირველად აღწერეს კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკების ჯაჭვი. თუმცა, ნამდვილი რევოლუცია 2008 წელს მოხდა, როდესაც სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილმა პირმა ან ადამიანთა ჯგუფმა შექმნა ბიტკოინი, პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, შექმნა.

მაგრამ რა არის ბლოკჩეინი, ტერმინი, რომელიც გვაბნევს? ეს არის ციფრული სისტემა, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ინახავს. მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ერთხელ ჩაწერილი ინფორმაციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და, ამასთანავე, ტრანზაქცია ყველა მონაწილისათვისაა ხელმისაწვდომი.

ბლოკჩეინი ყველაზე ხშირად კრიპტოვალუტისათვის გამოიყენება, მაგრამ რეალურად ადაპტირდება ნებისმიერ სფეროში, სადაც ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარებაა საჭირო.

ბლოკჩეინის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ქმნის ნდობას ციფრულ სამყაროში შუამავლების გარეშე. ტრადიციულად, გვჭირდება ბანკები, ნოტარიუსები და სხვა შუამავლები ტრანზაქციების განსახორციელებლად. ბლოკჩეინი კი გვთავაზობს სისტემას, სადაც ნდობა მათემატიკითა და კრიპტოგრაფიითაა გარანტირებული.

ბლოკჩეინის სამი ძირითადი ტიპი

ბლოკჩეინის სამი ძირითადი სახეობა არსებობს: საჯარო, კერძო და კონსორციუმის. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები, უპირატესობები და გამოწვევები.

საჯარო ბლოკჩეინი

საჯარო ბლოკჩეინი სრულად ღია სისტემაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა. ბიტკოინი (Bitcoin) და ეთერიუმი (Ethereum) საჯარო ბლოკჩეინის ყველაზე ცნობილი მაგალითებია. ამ ტიპის სისტემაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები, წაიკითხოს ინფორმაცია მის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს კონსენსუსის პროცესში.

საჯარო ბლოკჩეინის მთავარი უპირატესობა მისი სრული დეცენტრალიზაცია და გამჭვირვალობაა. თუმცა, მას თან ახლავს გარკვეული გამოწვევებიც - დაბალი ტრანზაქციების სიჩქარე და მაღალი ენერგო მოხმარება.

კერძო ბლოკჩეინი

კერძო ბლოკჩეინი დახურული სისტემაა, სადაც მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოწვეულ პირებს აქვთ. ამ ტიპის სისტემას ხშირად კომპანიები შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად იყენებენ. მაგალითად, ბლოკჩეინი მულტიპროფილური სავაჭრო კომპანია Walmart-ის მიწოდების ჯაჭვის მართვის სისტემაა - კომპანია იყენებს კერძო ბლოკჩეინს პროდუქტების გადაადგილების თვალყურის სადევნებლად.

კერძო ბლოკჩეინის მთავარი მახასიათებლებია:

  • კონტროლირებადი წვდომა;
  • მაღალი ტრანზაქციების სიჩქარე;
  • დაბალი ენერგო მოხმარება;
  • მეტი კონფიდენციალურობა.

კერძო ბლოკჩეინის ნაკლოვანებაა ის, რომ ის ნაკლებად დეცენტრალიზებულია და უფრო მეტად ჰგავს ტრადიციულ მონაცემთა ბაზას, თუმცა მისგან განსხვავებით გაუმჯობესებული უსაფრთხოებით ხასიათდება.

კონსორციუმის ბლოკჩეინი

კონსორციუმის ბლოკჩეინი ჰიბრიდული მოდელია, რომელიც საჯარო და კერძო ბლოკჩეინების მახასიათებლებს აერთიანებს. ეს ტიპი იმ ორგანიზაციების ჯგუფის მიერ გამოიყენება, რომლებიც თანამშრომლობენ საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობენ, მაგალითად, R3 Corda ბანკების კონსორციუმის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომლის მიზანიც ფინანსური ტრანზაქციების დამუშავებაა.

კონსორციუმის ბლოკჩეინის უპირატესობა ისაა, რომ ის კერძო ბლოკჩეინის ეფექტურობას ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად მეტად დეცენტრალიზებულია.

საბოლოოდ, საჯარო ბლოკჩეინი იდეალურია კრიპტოვალუტებისთვის და ღია პლატფორმებისთვის, კერძო ტიპი გამოსადეგია კორპორატიული გამოყენებისთვის, ხოლო კონსორციუმის ეფექტურია ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის.

ბლოკჩეინის ძირითადი მახასიათებლები

ბლოკჩეინის ძალა მის ხუთ ძირითად მახასიათებელში მდგომარეობს. თითოეული მათგანი ამ ტექნოლოგიის პოტენციალს განსაზღვრავს.

დეცენტრალიზაცია, როგორც უპირატესობა

დეცენტრალიზაცია ბლოკჩეინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ყველა ინფორმაცია ცენტრალურ სერვერზე ინახება, ბლოკჩეინში მონაცემები ქსელის ყველა მონაწილეს შორისაა განაწილებული. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ერთი ცენტრალური წერტილი, რომლის მწყობრიდან გამოსვლამაც შეიძლება მთელი სისტემა გააჩეროს. მონაცემები დაცულია განადგურებისგან, რადგან ასლები მრავალ ადგილას ინახება და კიბერუსაფრთხოების მხრივ მეტად დაცულია.

ინფორმაციის უცვლელობა და დაცვა

ბლოკჩეინში ერთხელ ჩაწერილი ინფორმაციის შეცვლა შეუძლებელია. როგორც ყველა ადამიანს აქვს უნიკალური ანაბეჭდი, ასევე ყველა ბლოკს აქვს თავისი უნიკალური კოდი, რომელიც მასში არსებული ინფორმაციისგან იქმნება. ყოველი ახალი ბლოკი კი წინას ანაბეჭდს შეიცავს, რაც სპეციალურ კრიპტოგრაფიულ მეთოდებთან ერთად, ინფორმაციის მუდმივობას განაპირობებს. ეს უზრუნველყოფს მონაცემების სანდოობას და შეუძლებელს ხდის გაყალბებას. თუმცა, ეს მახასიათებელი ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ სისტემაში არასწორი ინფორმაცია შეიყვანეს, მისი გასწორება რთულია, რამაც მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან მიმართებაში შეიძლება კონფლიქტი წარმოქმნას.

გამჭვირვალე ოპერაციები

ბლოკჩეინში ყველა ტრანზაქცია საჯაროა და ხილულია ქსელის ყველა მონაწილისთვის. ეს ქმნის უპრეცედენტო გამჭვირვალობას, რაც აადვილებს ტრანზაქციების ისტორიის თვალის მიდევნებას და ზრდის ნდობას მონაწილეებს შორის. თუმცა, სრული გამჭვირვალობა ასევე ნიშნავს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა შეიძლება გართულდეს, ამიტომ საჭიროა ბალანსის დაცვა გამჭვირვალობასა და პრივატულობას შორის.

უსაფრთხოების მექანიზმები

ბლოკჩეინის უსაფრთხოება კრიპტოგრაფიულ მეთოდებს და კონსენსუსის მექანიზმებს ეფუძნება, რაც სისტემის მთლიანობას განაპირობებს. შედეგად იქმნება კიბერშეტევებისაგან დაცული ტექნოლოგია, რომელიც ერთ ცენტრალურ უსაფრთხოების სისტემაზე არ არის დამოკიდებული.

სისტემის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პერსონალური გასაღებების უსაფრთხო შენახვაზე და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ე.წ. "51%-იანი შეტევა". ამ შემთხვევაში ვიღაც ქსელის სიმძლავრის ნახევარზე მეტს იგდებს ხელში, მას შეუძლია გააკონტროლოს ტრანზაქციები და თანხა დახარჯოს. პატარა ბლოკჩეინზე ერთ ან რამდენიმე მძლავრ მაინერს მარტივად შეუძლია მოიპოვოს 51%-ზე მეტი სიმძლავრე.

სმარტ კონტრაქტები პრაქტიკაში

სმარტ კონტრაქტები პროგრამული კოდია, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისას, ავტომატურად სრულდება. შედეგად პროცესების ავტომატიზაცია ხდება და ადამიანებისა თუ შუამავლების მიერ დაშვებული შეცდომების რისკიც მინიმუმამდე დადის. თუმცა, სმარტ კონტრაქტების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კოდში შეცდომებმა შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, კოდში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ფულის დაკარგვა ან არასწორ მისამართზე გადარიცხვა და რადგან ბლოკჩეინში ჩაწერილი ტრანზაქციის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ეს დანაკარგი აღარ აღდგება.

ეს მახასიათებლები ერთობლიობაში ქმნის უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ბევრი ინდუსტრია და ბიზნეს-პროცესი. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა გამოწვევა ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი და ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას.

სისტემის მუშაობის პრინციპი: ეტაპობრივი მიმოხილვა

ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპის გასაგებად, მოდით განვიხილოთ მარტივი მაგალითი: A პერსონას B-სთან თანხის გადარიცხვა სურს. როგორ მუშაობს ეს პროცესი ბლოკჩეინში?

პირველი ეტაპი: ტრანზაქციის ინიცირება

A თავისი ციფრული საფულიდან ტრანზაქციას ქმნის. ის უთითებს B პირის საფულის მისამართსა და გადასარიცხ თანხას. ტრანზაქცია მოწმდება მისი პირადი კრიპტოგრაფიული გასაღებით, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ის არის ამ თანხის მფლობელი.

მეორე ეტაპი: ტრანზაქციის გავრცელება

შექმნილი ტრანზაქცია ვრცელდება ქსელში. ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია გაიგზავნოს ერთ ცენტრალურ სერვერზე, როგორც ეს ხდება ბანკების შემთხვევაში, ის ეგზავნება ე.წ. ,,ნოუდებს” (nodes), ქსელის მონაწილე კომპიუტერებს, რომლებიც ბლოკჩეინის ასლს ინახავს და მის მუშაობას უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპი: ვალიდაცია

ქსელის მონაწილეები ანუ, რომლები რთული მათემატიკური ამოცანების შესრულებით ახალ ბლოკებს ქმნიან, ტრანზაქციას ამოწმებენ. ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • აქვს თუ არა გამგზავნს საკმარისი თანხა;
  • არის თუ არა ციფრული ხელმოწერა ნამდვილი;
  • არის თუ არა ტრანზაქცია შესაბამისობაში ქსელის წესებთან.

მეოთხე ეტაპი: ბლოკის შექმნა

სხვა ტრანზაქციებთან ერთად ახალი შექმნილიც ბლოკში თავსდება.თითოეული ბლოკი შეიცავს:

  • ტრანზაქციების სიას;
  • დროის მონაცემებს;
  • წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ციფრულ თითის ანაბეჭდს, რომელიც ციფრული მონაცემებისაგან იქნება (ჰეშს).

მეხუთე ეტაპი: კონსენსუსი

ახალი ბლოკის დასამატებლად საჭიროა ქსელის მონაწილეების თანხმობა. ამისთვის გამოიყენება სპეციალური ალგორითმი - ,,კონსენსუსის მექანიზმი". ეს არის წესების ერთობლიობა, რომლითაც ქსელის მონაწილეები თანხმდებიან ტრანზაქციების სისწორეზე. ყველაზე გავრცელებულია "Proof of Work" (შრომის დამტკიცება), სადაც მაინერები რთულ მათემატიკურ ამოცანას ასრულებენ. პირველი, ვინც ამოხსნის ამოცანას, ის ამატებს ახალ ინფორმაციას და იღებს ჯილდოს.

მეექვსე ეტაპი: ჯაჭვის განახლება

ახალი ბლოკი ემატება ჯაჭვს და მთელ ქსელში ვრცელდება. ყველა მონაწილე აახლებს თავის ასლს. ამ მომენტიდან ტრანზაქცია ბლოკჩეინის მუდმივი და შეუცვლელი ნაწილი ხდება.

მეშვიდე ეტაპი: ტრანზაქციის დასრულება

B პირი იღებს თანხას. ტრანზაქცია დასრულებულია და დადასტურებულია ქსელის მიერ. მას შეუძლია ნახოს ტრანზაქციის დეტალების ნახვა საჯარო ბლოკჩეინში შეუძლია.

ეს პროცესი უზრუნველყოფს:

  • ტრანზაქციების გამჭვირვალობას;
  • უსაფრთხოებას;
  • შეუქცევადობას;
  • დეცენტრალიზებულ ვერიფიკაციას.

ამ პროცესის გაგება მნიშვნელოვანია იმის გასაცნობიერებლად, თუ რატომ არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები რევოლუციური.

გამოწვევები და შეზღუდვები - რა უნდა გაითვალისწინოთ?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია უდავოდ ინოვაციურია და დიდი პოტენციალი აქვს, მნიშვნელოვანია იცოდეთ ის ძირითადი გამოწვევები და შეზღუდვები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის განვითარებას ახლავს თან. მოდით, განვიხილოთ მთავარი საკითხები:

მასშტაბურობა და წარმადობა

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბლოკჩეინის მასშტაბურობასთან არის დაკავშირებული. საჯარო ბლოკჩეინებს, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტრანზაქციების დამუშავება შეუძლია. მაგალითად, Bitcoin-ს წამში დაახლოებით 7 ტრანზაქციის დამუშავება შეუძლია, მაშინ როცა Visa იმავე დროში 65,000 ამუშავებს წამში. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას.

ენერგიის მოხმარება

ბლოკჩეინის, განსაკუთრებით კი Bitcoin-ის მაღალი ენერგომოხმარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კვლევების თანახმად, Bitcoin-ის ქსელი მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა მთლიანობაში. 2021 წლის მონაცემებით, Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (121 ტერავატ/საათი) აღემატებოდა არგენტინისა (121 ტერავატ/საათი) და ნიდერლანდების (109 ტერავატ/საათი) მოხმარებას.

რეგულაციები

რეგულაციური გარემოს განუსაზღვრელობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო ბლოკჩეინის გამოყენებისთვის. განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • სმარტ კონტრაქტების იურიდიული სტატუსი;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნების შესრულება.

ბლოკჩეინის ინტეგრაცია არსებულ სისტემებთან

არსებულ IT ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაცია რთულ ამოცანას წარმოადგენს. ორგანიზაციებს, ბლოკჩეინის ძველ სისტემებთან დასაკავშირებლად, მნიშვნელოვანი რესურსის დახარჯვა უწევთ. ასევე პრობლემურია სხვადასხვა ბლოკჩეინების ურთიერთთავსებადობის საკითხი - ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი სტანდარტები, რაც ართულებს სისტემებს შორის კომუნიკაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მისი პოტენციალი უდავოდ დიდია.

ამრიგად, ბლოკჩეინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია ფუნდამენტურად შეცვალოს ის, თუ როგორ ვმართავთ ინფორმაციას, ვახორციელებთ ტრანზაქციებს და ვქმნით ნდობას ციფრულ სამყაროში. მისი უნიკალური მახასიათებლები - დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და სმარტ კონტრაქტები - ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, მთავრობებისა და მომხმარებლებისთვის.

ტექნოლოგიური, ბიზნეს თუ სხვა ახალი ამბების გასაგებად ესტუმრეთ BM.ge-ს პლატფორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები