პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან საგადახდო ბარათების მომსახურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ეს წმინდა ტექნიკური საკითხია.
პროექტზე დღეს კომიტეტზე მორიგი მოსმენა გაიმართა. ინიციატივასთან დაკავშირებით, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტში დღევანდელ მოსმენაზე ცვლილებები არ შესულა. წინა მოსმენაზე კი რომელიც 10 ნოემბერს გაიმართა პარლამენტმა ინიციატივიდან ამოიღო ჩანაწერი, რომლითაც საბანკო ბარათით გადახდის მომსახურების მაქსიმალურ საკომისიოდ ტრანზაქციის ღირებულების 0.5% განისაზღვრებოდა. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნები იყო, რომლითაც საკითხის დარეგულირებისთვის უპირატესობა "სმარტ როუტინგის", ანუ ჭკვიანი მარშრუტიზაციის პროექტზე იყო გამახვილებული.
საუბარია პოსტერმინალებით საბანკო ბარათების მომსახურების წესში ისეთი ცვლილების შეტანაზე, რომელიც საბანკო ბარათის მომსახურების ტერმინალის მიმწოდებელს, ანუ კომერციულ ბანკს შეუზღუდავს სხვა კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ბარათით ოპერაციის გატარებაზე იმაზე მაღალი საკომისიოს განსაზღვრას, ვიდრე ეს თავად იმ ბანკის მიერ არის დაწესებული, რომლის პოსტერმინალითაც მომსახურების (გადახდის) გატარება ხდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ამ ცვლილების დანერგვის შემდეგ სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლებს აღარ ჰკითხავენ თუ რომელი ბანკის ბარათით იხდიან, რადგან ნებისმიერ პოსტერმინალით გადახდა უნდა განხორციელდეს სმარტ როუტინგის, ანუ ჭკვიანი მარშრუტიზაციის წესებით იმგვარად, რომ ამ გადახდის შესრულებას მაქსიმალურად დაბალი საკომისიო შეხვდეს.
"რაც შეეხება მარშრუტიზაციას, იქ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, მაგრამ უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ვინც არ უნდა მივიდეს ბარათით, ბარათზეა საუბარი, ტერმინალი ამოიცნობს ამ ბარათს და გააკეთებს ყველაზე იაფ და სწრაფ გზას გადახდის კუთხით.
ეს არის მთელი მიზანი. არ იქნება, რომ შეგეკითხებიან ეს რომელი ბანკია, საიდან რიცხავს. აი ის თუ უფრო სიღრმეში წავალთ ცოტა კიდე უფრო სიღრმეში, დღეს თუ მაგალითად ვინმეს უნდა გადარიცხვა, ვთქვათ, პატარა ბანკის კლიენტს რომელიმეს, ის, როდესაც ბარათს დაადებს, ანუ პატარა ბანკის ბარათით, ამ შემთხვევაში ეს ყველა ვარიანტში წავიდოდა დიდ ბანკში და ის გააკეთებდა გადახდას.
ახლა ეს აღარ იქნება, ავტომატურ დონეზე იმ პატარა ბანკიდან ავტომატურად გადაირიცხება. შეიძლება იმანაც იყოს, რომ ამ პატარა ბანკზე უფრო იაფი და სწრაფი სხვა რაღაც იყოს და იმას გააკეთებს ამ შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ, ამ კუთხით, მე რაც ახლა მოგიყევით, არაფერი ცვლილება არ არის, დავრჩით იქ, სადაც ვიყავით, ეს აუცილებლად კეთდება, უბრალოდ, საბანკო ასოციაციას და წარმომადგენლებს აინტერესებდათ კონკრეტული ტექნიკური დეტალები, რომლებიც ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია და ამაზე კითხვების 90%, რაც იყო შემოსული, გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა, მოგვაწოდა ოფიციალურად წერილი და ჩვენც დავეთანხმეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი.
ჰო, ჯერ ერთი ის, რომ ეს უფრო პროგრამული თემა არის, თუმცა შეიძლება ასეც იყოს, ვიღაცას მოუწიოს რაღაცის (ახალი პოსტერმინალის) ყიდვა, მაგრამ უფრო, როგორც მეუბნებიან, ეს ძალიან ტექნიკური საკითხი არის. ეს უფრო პროგრამული საკითხია", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებს, ეროვნულ ბანკს ჭკვიანი მარშრუტიზაციის შესახებ კონკრეტული წესების გამოცემის და საკითხის დარეგულირების უფლება ექნება.



























