მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის ე.წ. “მიმკოინი” და რა რისკებს შეიცავს ის?

მიმკოინები

საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა — ტრამპკოინი შექმნა, რასაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერები დადებითად შეხვდნენ.

კრიპტოვალუტა სოლანას ბლოკჩეინზე დაილისტა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია, განსაკუთრებით ეთერიუმის ერთგვარი დაღმასვლის ფონზე.

თავდაპირველად, ბაზარზე 200 მილიონი ტოკენი გავიდა, როცა ემისიის 80%, ანუ 800 მილიონი მონეტა ჯერაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში რჩება. ეს კრიპტოვალუტა სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხვდება, რაც ვალუტის მყისიერი გაუფასურების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია პლანეტაზე, რომლის სოციალურ ქსელებს თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს, შესაბამისად ტრამპკოინი მომენტალურად იქცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად. თავდაპირველად, კრიპტოვალუტა $0.18 ღირდა, მაგრამ რამდენიმე საათში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვალუტა BINANCE-ზე დაილისტა, ტრამპკოინი $74.59-მდე გაძვირდა, რაც ნიშნავს, რომ გამოშვების შემდეგ, ვალუტის ფასი თითქმის 41,500%-ით გაძვირდა. მოგვიანებით, კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად იკლო და ახლა მისი ფასი $38-ის ფარგლებში მერყეობს.

კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპმა სამყაროს X-ის და Truth Social-ის საშუალებით შეატყობინა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ეს კრიპტოვალუტა ე.წ. “მიმკოინების” კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ამ ვალუტას არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ აქვს. ამასთან, ამ ვალუტის მერყეობა ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის ვალუტებს ან აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი აცნობიერებენ იმ რისკს, რომელიც ამ ტიპის კრიპტოვალუტის გამოშვებასთან არის დაკავშირებული, რადგან ისტორიას არაერთხელ უნახავს ცნობილი ადამიანის მიერ შექმნილი ვალუტა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად გაუფასურდა, რამაც ბევრი ადამიანი მნიშვნელოვნად აზარალა. აი, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ის განცხადება, რომელსაც ტრამპკოინის ვებგვერდზე რამდენიმეჯერ ვხვდებით.

“ტრამპის მიმები გამიზნულია, როგორც $TRUMP-ის სიმბოლოსთან დაკავშირებულ იდეალებთან და იდეებთან ურთიერთობის და მისი მხარდაჭერის გამოხატულება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ნამუშევრები არ უნდა იქნეს აღქმული და არც გამოყენებული, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა, საინვესტიციო შეთანხმება ან ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდი. GetTrumpMemes.com არ არის პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არაფერი აკავშირებს არც ერთ პოლიტიკურ კამპანიასთან, პოლიტიკურ ოფისთან ან სამთავრობო სააგენტოსთან”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული უწყებები მოქალაქეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამბობენ.

თავად ტერმინის “მიმკოინი” ახალი არ არის და მის ფესვებს 2013 წელს უნდა ვეძებოთ, როცა კრიპტოინდუსტრიაში დოჯკოინი გამოჩნდა. კრიპტოვალუტა, რომლის სიმბოლო იმ დროს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ “მიმზე” გამოსახული შიბა ინუს ჯიშის ძაღლი იყო, შეიქმნა, როგორც ვალუტის პაროდა, ანუ ხუმრობა, მაგრამ კრიპტოენთუზიასტებმა ის აიტაცეს და ვალუტის ფასმა მკვეთრად იმატა. გამომდინარე იქიდან, რომ დოჯკოინი “მიმიდან” წამოვიდა, ყველა ამ ტიპის ვალუტა, რომელიც მომავალში შეიქმნა, მათ შორის შიბა ინუ და პეპე სწორედ “მიმკოინის” კატეგორიაში ხვდება.

დღეს, “მიმკოინები” განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ამ ტიპის აქტივებში ინვესტირება ბევრ ადამიანს მოკლე დროში გამდიდრების საუკეთესო ვარიანტად წარმოუდგენია. თუმცა ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ “მიმკოინის” ბუნებიდან გამომდინარე, ფასი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში ცას ეწიოს, შეიძლება ნულამდეც ჩამოვარდეს, რაც ისტორიას არაერთხელ უნახავს. მიუხედავად ამ რისკისა, ამ ტიპის აქტივებზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო “მიმკოინების” ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $107 მილიარდია.

ყველაზე პოპულარული “მიმკოინების ხუთეული, შემდეგნაირად გამოიყურება: დოჯკოინი (DOGE), შიბა ინუ (SHIB), ტრამპკოინი (TRUMP), პეპე (PEPE) და ბონკი (BONK). ამ ხუთ კრიპტოვალუტაზე “მიმკოინების” ჯამური კაპიტალიზაციის 78% მოდის.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კრიპტოინდუსტრიაში დაწყებული ეს ტენდენცია სხვა ფინანსურ ბაზრებსაც მოედო და დღეს, ამ ტიპის მერყევ და არასანდო აქტივებს საფონდო ბირჟაზეც ვხვდებით, სადაც ისინი “მიმი აქციის” სახელითაა ცნობილი. ამ ტიპის აქციებში, სხვათა შორის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-იც იგულისხმება, რაც ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ამასთან, ასეთი ტიპის აქციებს, როგორც წესი, არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ აქვთ, ხოლო ფასი — სპეკულაციურად დგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები