მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის EU-ს €17-მილიარდიანი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

60e6e06232eb9
შოთა ტყეშელაშვილი
08.07.21 15:22
633
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივიე ვარჰეიმ 7 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს ახალ 5-წლიან ინიციატივაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის პოტენციურად 17 მილიარდ ევრომდე დაფინანსების გამოყოფას მოიცავს. მისი თქმით, ამ ფინანსური რესურსიდან საქართველოს “მინიმუმ 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა შეეძლება.”

“ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ესაა შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ ინსტიტუტებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში, ამ პროგრამის განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა ევროკომისარმა.

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის დაფინანსების ახალი არხის მიცემის შესახებ პირველად ინფორმაცია 2 ივლისს გამოაქვეყნა. ევროკავშირის ინფორმაციით, ამ ფინანსური პაკეტის პირველი ეტაპი 2.3 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსებას მოიცავს.

“პროგრამის საწყისი პაკეტი 2.3 მილიარდი ევროა, რომელიც გრანტებისა და გარანტიებისგან შედგება, მისი სამომავლო პოტენციალი კი 17 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც საჯარო და კერძო ინიციატივებისკენ მიიმართება. დაფინანსების ახალი წინადადება 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება.

გეგმა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ქვეყნების ადგილობრივი ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გამყარებას. ის ასევე მოიცავს ინვესტიციებს გარემოსდაცვითი პროექტების და ციფრული პროექტების მიმართულებით, ასევე პროექტი მხარს უჭერს უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნას და გენდერულ ჭრილში თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას,” - ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები