ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობა ბევრი რამით არის დასამახსოვრებელი, მათ შორის მსოფლიოში დაწყებული არაერთი ომით. თუ გასული ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო წესრიგზე მისი გავლენის მასშტაბი, შესაძლოა, დისკუსიის თემად იქნეს განხილული, იმავეს ვერ ვიტყვით იმ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც დემოკრატიული პარტიისთვის და მისი ამომრჩევლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, პირველ რიგში, გარემოს დაცვის საკითხებს ვგულისხმობთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მწვანე ენერგეტიკის განვითარებით დაწყებული, კომპანიებში ESG სტანდარტების დანერგვით დამთავრებული. თუმცა პირველ რიგში, ამ მხრივ, პარიზის კლიმატის შეთანხმება უნდა ვახსენოთ, რომელიც, ისტორიულად, ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს შორის ერთ-ერთ მთავარ წყალგამყოფ საკითხს წარმოადგენს.
პარიზის კლიმატის შეთანხმება ის დოკუმენტია, რომელიც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა 2015 წლის დეკემბერში, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამიტზე, COP21-ზე მიიღეს. შეთანხმების არსი კლიმატის ცვლილებასთან კოორდინირებული ბრძოლა იყო, რადგან სახელმწიფოები, რომელთაც იმ დროს ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ის შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებში დაარეგისტრირეს, შეთანხმდნენ, რომ დედამიწის გადასარჩენად გლობალური დათბობის მაჩვენებლის ორი გრადუსამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ-ნახევარ გრადუსამდე შემცირება იყო აუცილებელი. თავის დროზე, ამ იდეას მხარი გაეროს წევრმა 196-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რაც იმით აიხსნებოდა, რომ კონკრეტული გარემოსდაცვითი ნაბიჯების გატარების აუცილებლობა თითოეულ ქვეყანას თავად უნდა გადაეწყვიტა.
აი, სწორედ ამ დოკუმენტთან არის დაკავშირებული გლობალურად სათბური აირების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები, მათ შორის მწვანე ინიციატივების დაფინანსება, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მათ შორის საქართველოში. პარიზის შეთანხმებით, განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ყოველწლიურად სულ მცირე $100 მილიარდით დაემხარებიან. ამ და სხვა ინიციატივების გამო, პარიზის კლიმატის შეთანხმება ერთ-ერთ ყველაზე საფუძვლიან და მნიშვნელოვან დოკუმენტად რჩება, რომელიც პლანეტაზე არსებული სახელმწიფოების უმეტესობას ერთობლივად მიუღია. თუმცა მას შემდეგ, ვითარება შეიცვალა.
საქმე ისაა, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატი ბარაკ ობამა იყო, რომლისთვისაც კლიმატის დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მას შემდეგ, თეთრი სახლი რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაიკავა, რომელიც კლიმატის ცვლილებას საერთოდ არ აღიარებს, რაც შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლით დადასტურდა. დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვაშინგტონის საპრეზიდენტო სასახლეში ჯო ბაიდენი შესახლდა, ანუ გლობალურად კვლავ დემოკრატიული პარტიის ნარატივი გახდა დომინანტური, ხოლო ქვეყანა შეთანხმების წევრი ხელახლა გახდა. ახლა კი, როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი კვლავ დონალდ ტრამპმა ჩაანაცვლა და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა კიდევ ერთხელ შეწყვიტა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პარიზის შეთანხმება მორიგი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს არ ასახავს და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებს იმ ქვეყნისკენ მიმართავს, რომლებსაც ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ. პარიზის შეთანხმებიდან ქვეყნის გასვლას ფორმალურად თორმეტი თვე სჭირდება, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა. სკეპტიკურად განწყობილ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ნაბიჯების გადადგმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამა თუ იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკა. როგორც “ევროპის კლიმატის ფონდის” დირექტორი, ლორენ ტუბიანა ამბობს, მწვანე ენერგიაზე გლობალურ გადასვლას შეუჩერებელი ეკონომიკური იმპულსი ახლავს თან, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატებიც ხეირობდა.
საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის შემდეგ, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც ფიქრობს. არადა, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, შეთანხმება ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ დაუტოვებია. ლიბერტარიანელი ლიდერი დონალდ ტრამპის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოკავშირედ ითვლება და რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდა. დონალდ ტრამპი, როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილების არსებობას არ აღიარებს, როცა ხავიერ მილეი ამ პროცესში ადამიანების მიერ შეტანილ წვლილს უარყოფს.
საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მეტად სავარაუდოა ის რეალობა, სადაც არგენტინა “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” გავა. როგორც ხავიერ მილეიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიოში ბოლო დროს გავრცელებულმა ვოუქიზმის იდეამ გარემოს დაცვის ფილოსოფია ფანატიზმში გადაიყვანა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას აზიანებს. თუკი არგენტინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლიმატის ცვლილების შენელების წინააღმდეგ მიღებული შეთანხმების არსებობის რელევანტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. შეთანხმების დასატოვებლად, ჩვეულებრივი პროცედურით, მილეის არგენტინის კონგრესის დასტური სჭირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მილეიმ სპეციალური განკარგულება გამოსცეს.