ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წინამძღოლობისთვის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი იბრძვიან და, როგორც ფაქტობრივად ყველა გამოკითხვიდან ვიგებთ, საპრეზიდენტო მანდატისთვის წელს უმოწყალო ბრძოლა შედგება. სხვადასხვა გამოკითხვებით, დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს მოსახლეობის ფაქტობრივად ტოლი ნაწილი — დაახლოებით 49% უჭერს მხარეს, ანუ არჩევნების ბედს სწორედ ის გადაუწყვეტელი 2% განსაზღვრავს, რომელიც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად არჩევნების დღეს ელოდება.
დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 335 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ხუთი პროცენტია. თუმცა ამ მცირე პროპორციის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მოცულობა 26 ტრილიონი დოლარია, რაც გლობალური ეკონომიკის მეოთხედს უდრის. გამოდის, რომ ამერიკელები, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის ხუთ პროცენტს წარმოადგენენ, საერთო დოვლათის მეოთხედს ქმნიან, რაც საუკეთესო შედეგია. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში 700-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, რაც ასევე უპრეცედენტო რიცხვია. მილიარდერებთან ერთად, ამ ქვეყანაში არაერთი ისეთი კომპანია შეიქმნა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი ასი ქვეყნიდან სამოცდაორი - ამერიკულია.
როგორ იქცა ამერიკის შეერთებული შტატები იმ დონის მოთამაშედ, რომელიც დღეს გლობალურ წესრიგს განსაზღვრავს? პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების სრული სამხედრო დომინაცია უნდა ვახსენოთ, რომელსაც ატომური იარაღის, უძლიერესი სამხედრო სტრუქტურის და მმართველობის და უბადლო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კომბინაცია განაპირობებს. სხვადასხვა მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო არსენალში 3,750 აქტიური ბირთვული ქობინა ირიცხება, ხოლო თავად ქვეყანა ბირთვულ პროგრამაზე ყოველწლიურად ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავს.
თუმცა სამხედრო სიძლიერესთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, რომელიც სამი ძალაუფლების დამოუკიდებლობას ეფუძნება. დამფუძნებელი მამები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განცალკევებული უნდა იყოს და ეს პრინციპი დღესაც უცვლელია, რაც ეკონომიკური დოვლათის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიად აქცევს. ამასთან, აშშ-ში უნიკალური საარჩევნო სისტემა მოქმედებს. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც არჩევნები პროპორციული სისტემით იმართება, ანუ თითოეული ადამიანის ხმა, პრინციპში, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია განსხვავებულ საარჩევნო მოდელს ეფუძნება, რომლის ქვაკუთხედად წმინდა ამერიკულ მოდელს - საარჩევნო კოლეგიას ვხვდებით.
პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ, 1788-1789 წლების მიჯნაზე გაიმართა. საარჩევნო სისტემა, მართალია, იმ დროს, განსხვავებული იყო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის იდეას, რომლითაც ამერიკელი პრეზიდენტს დღემდე ირჩევენ, საფუძველი სწორედ იმ დროს ჩაეყარა. ისტორიაში პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში რევოლუციური ომის გმირმა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და პატივსაცემმა ადამიანმა, ჯორჯ ვაშინგტონმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა კოლეგიის ყველა წევრის ხმა მიიღო.
ჯორჯ ვაშინგტონი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯონ ადამსი დაასახელა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიების ცნება არ არსებობდა და ყველა კანდიდატი, რეალურად, დამოუკიდებელი იყო. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შექმნაც, გარკვეულწილად, სწორედ პარტიების არარსებობამ გამოიწვია. ქვეყნის დამფუძნებელ მამებს მიაჩნდათ, რომ თუ პრეზიდენტი უბადლო რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო, კანდიდატი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდოდა, ქვეყნის მართვას არანაკლებად გამართულად შეძლებდა, ხოლო ეს ორი პროფესიონალი ერთმანეთის ბალანსი გახდებოდა.
სულ მცირე, ეს იყო ჩანაფიქრი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, არ გაამართლა. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატებს ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდათ, საქმის აღსრულება უბრალოდ შეუძლებელი იყო, რაც პოლიტიკურ პროცესს აჭიანურებდა და ხელისუფლებას არაეფექტიანად აქცევდა. მოგვიანებით, საარჩევნო კოლეგიის წევრებმა პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტისთვის ხმის მიცემა ცალ-ცალკე დაიწყეს, რამაც წლების განმავლობაში აშშ იმ სისტემამდე მიიყვანა, რომელიც დღეს აქვს, როცა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი პარტნიორები არიან და მმართველობისთვის ერთად იბრძვიან.
თუმცა თუ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურად მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიად ითვლება, პირველი წლების საპრეზიდენტო არჩევნებს, დღევანდელი გადმოსახედიდან, დემოკრატიულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. თავდაპირველად, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საკმარისად მდიდარ და გავლენიან ადამიანებს შეეძლოთ, ანუ მიწის მესაკუთრე თეთრკანიან ამერიკელებს, რადგან მე-18 საუკუნის ამერიკაში ხმის მიცემა პრივილეგია იყო და არა უფლება. უფლება უფრო გვიანი ცნებაა, რომელმაც ამერიკის კონსტიტუციაში თავი რამდენიმე შესწორების შემდეგ დაიმკვიდრა. რეალურად, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჭეშმარიტად დემოკრატიულად მხოლოდ მე-20 საუკუნეში იქცა, როცა არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის რასობრივი და ფინანსური ბარიერები მოიხსნა.
დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ძირითადი პარტიაა, რომლებიც პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ორ ადამიანს ასახელებენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში დაახლოებით 350 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კანდიდატების შერჩევას დრო სჭირდება. ამ პროცესის გასამარტივებლად ყველა შტატში პრაიმერისები და პარტიული შეკრებები იმართება, სადაც კანდიდატები პირველად იცხრილებიან. მეორე ტურში გადასულები საარჩევნო კამპანიებს მართავენ, რაც გაცხრილვის პროცესს აგრძელებს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი პარტიების ეროვნულ ყრილობაზე წყდება, სადაც პარტიის წევრები იმ ორ ადამიანს ასახელებენ, ვინც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატები, მოგეხსენებათ, დემოკრატიული ქვეყანაა, ანუ ის დე ფაქტო ორპარტიული სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, კანონით არ არის რეგულირებული. ეს ის თამაშის წესებია, რომელზედაც ქვეყანა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა წლებში შეთანხმდა. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ასე იყო, ახალ პარტიას თავის დამკვიდრება უჭირს, ხოლო შედარებით ახალი შეხედულებების მქონე ადამიანები, როგორც წესი, ორიდან ერთ პარტიას ირჩევენ, რადგან ასე გამარჯვება და დაფინანსების მოპოვება უფრო იოლია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ცნობილია, წარმომადგენლობითი დემოკრატია მოქმედებს, ანუ შეიძლება ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რამდენიმე მილიონით მეტი მოქალაქის ხმა მოიპოვოს, მაგრამ არჩევნებში მაინც დამარცხდეს - ასეთი რამ ბოლოს 2000 და 2016 წლებში მოხდა, როცა ალ გორმა და ჰილარი კლინტონმა მოწინააღმდეგეებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ თეთრ სახლში ცხოვრების უფლება ვერ მოიპოვეს. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ამ თავისებურებას ის განაპირობებს, რომ პრეზიდენტს ირჩევენ არა მოქალაქეები, არამედ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელთა რაოდენობა 538-ის ტოლია. ეს რიცხვი შტატების მიხედვით განსხვავდება და იმ რაოდენობის ადგილებს უდრის, რასაც კონკრეტული შტატი სენატსა და კონგრესში იკავებს.
საარჩევნო კოლეგიის სისტემა წმინდა ამერიკული ქმნილებაა, რომელიც, თავის დროზე, კომპრომისის სახით გაჩნდა, რადგან დამფუძნებელ მამათა ერთ ნაწილს სურდა, პრეზიდენტი კონგრესს აერჩია, მეორე ნაწილი კი - კვალიფიცირებული მოსახლეობის არჩევანს ენდობოდა. პირდაპირი დემოკრატია, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს მოსწონდათ, მაგრამ არც ის სურდათ, დიდ შტატებს მცირე შტატები რომ დაეჩაგრათ. ასე შეიქმნა სისტემა, რომლითაც პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს მოსახლეობის მიერ არაპირდაპირი წესით არჩეული კვალიფიციური ადამიანები ირჩევენ. თავად ამ ადამიანებს, ფაქტობრივად ყველა შტატში აბსოლუტური უმრავლესობით ირჩევენ, ანუ იმ პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ. განსხვავებული მდგომარეობაა მეინსა და ნებრასკაში, სადაც საარჩევნო კოლეგიის წევრებს პროპორციული სისტემით ირჩევენ.
წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის ყველაზე მეტი ხმა კალიფორნიას, ტეხასს, ფლორიდას, ნიუ-იორკსა და ილინოისს აქვთ, როცა ყველაზე მცირე წონა ვაიომინგში, ვერმონტში, კოლუმბიის ოლქში, დელავერსა და ალასკაში ჩატარებულ არჩევნებს აქვთ. თუმცა წონის სიმწირის მიუხედავად, ვაიომინგის მოგება კანდიდატისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც კალიფორნიის, რადგან, როგორც ისტორია აჩვენებს, ქვეყანაში ბევრი ისეთი შტატია, რომელთა შედეგის პროგნოზირება წინასწარ უბრალოდ შეუძლებელია. ასეთ შტატებს ე.წ. “სვინგ შტატებს” უწოდებენ და მათ თანრიგში, როგორც წესი, ფლორიდას, ოჰაიოს, პენსილვანიას, მიჩიგანს და ვისკონსინს ვხვდებით.
ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ დღე რჩება, მაგრამ პროგნოზირება იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ჯერაც რთულია, რადგან კანდიდატმა შეიძლება ხმების უდიდესი ნაწილი მიიღოს, მაგრამ მაინც დამარცხდეს. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს განსხვავება 1824 წელს გამოჩნდა, როცა ენდრიუ ჯექსონმა ხმების 41.4%, ჯონ კუინსი ადამსმა კი 30.8% მიიღო, მაგრამ არჩევნებში მაინც ჯონ კუინსი ადამსმა გაიმარჯვა. გამორიცხული არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში წელსაც მსგავსი მდგომარეობა შეიქმნას.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა თბილისის დროით, 6 ნოემბერს გახდება ცნობილი.