მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი vs ჰარისი – როგორ ჩაიარა საპრეზიდენტო დებატმა?

ტრამპი და ჰარისი

10 სექტემბერს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის საპრეზიდენტო დებატი გაიმართა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო მომენტად შეიძლება იქცეს მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესში. დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა რამდენიმე ძირითად საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის: ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე, მიგრაციასა და სოციალურ გამოწვევებზე.

ტრამპმა ყურადღება თავის ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა, რომელსაც ის 2016-2020 წლებში ატარებდა. მან ხაზი გაუსვა გადასახადების შემცირების გავლენას და ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, მისი თქმით, მისი ადმინისტრაციის დროს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დემოკრატი კანდიდატების პერიოდში. საპასუხოდ ამისა, კამალა ჰარისმა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც, მისი აზრით, მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელსაყრელი. თავად ჰარისმა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგინა, რომელიც საშუალო ფენისა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

ეკონომიკის პარალელურად, ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო საპრეზიდენტო დებატზე. ჰარისმა ყურადღება Obamacare-ის გაუმჯობესებაზე გაამახვილა და ახალი ინიციატივების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ტრამპმა კი, პირიქით, ეს რეფორმა არაეფექტურად ჩათვალა და განაცხადა, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სისტემაში, რათა შემცირდეს ხარჯები და გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰარისმა ყურადღება გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ემისიების შემცირების მიმართულებით დემოკრატიული პარტიის გეგმაზე ისაუბრა. ტრამპმა კი კლიმატური ცვლილება ნაკლებად სერიოზულ პრობლემად ჩათვალა და აღნიშნა, რომ მისი ენერგეტიკული პოლიტიკა ამერიკის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს, რომელშიც უდიდესი როლი წიაღისეულ საწვავს ექნება.

საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ტრამპი აქცენტს აკეთებდა საკუთარ მიღწევებზე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში და ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების ურთიერთობების ნორმალიზებაში. ცხადია, ორივე კანდიდატი თანხმდება ისრაელის დახმარების აუცილებლობაზე, რაც გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს. რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს რაც შეეხება, დემოკრატი კანდიდატი განსაკუთრებული ოპტიმიზმით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ მისი გაპრეზიდენტების პირობებში, უკრაინის გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა. საპირწონედ ამისა, ტრამპი ისევ ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ის ომს 24 საათში დაასრულებს, რაც, ალალები თუ ვიქნებით, საკმაოდ არარეალისტურად ჟღერს.

ჩინეთთან მიმართებით ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია განვლილი წლების განმავლობაში მის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას მიჰყვებოდა, ამიტომ რადიკალური ცვლილებები საჭირო არ იყო, თუმცა რესპუბლიკელი კანდიდატი ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ამერიკამ უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიპოვოს და ეროვნული ინტერესებიც უფრო აგრესიულად უნდა გაატაროს.

დებატის შედეგებს რაც შეეხება, ორივე კანდიდატს უდავოდ ჰქონდა ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, ტრამპი უფრო თავდაცვით და აგრესიულ პოზიციაში იყო, რაც ექსპერტების მიერ ნეგატიურად იქნა შეფასებული.

კამალა ჰარისი გაცილებით უფრო სტაბილური და მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა, რაც მაყურებლებმა დადებითად მიიღეს, თუმცა მის არგუმენტებს ზოგიერთმა დამკვირვებელმა ნაკლებად კონკრეტული და ზედმეტად თეორიული უწოდა.

CNN-ის გამოკითხვის თანახმად, მაყურებლების ძირითადმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კამალა ჰარისმა მის მეტოქეს, დონალდ ტრამპს დებატებში აჯობა. მაყურებელთა 63%-ის აზრით, დებატებში ჰარისმა გაიმარჯვა, რაც ფენომენალური შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კრახით დასრულდა პირველი საპრეზიდენტო დებატი, რომელშიც დემოკრატიული პარტიის ინტერესებს ჯო ბაიდენი იცავდა. საერთო ჯამში, ათ სექტემბერს გამართული დებატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და თან საინტერესო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები