მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის კამალა ჰარისი - ტრამპის შესაძლო კონკურენტი?

კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. 21 ივლისს ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლაში თავისი კანდიდატურა მოხსნა, რასაც წინ უძღოდა, დებატებში დამარცხება, დონალდ ტრამპის სასწაულებრივი გადარჩენა და კორონავირუსით ინფიცირება.

როგორც ჩანს, სწორედ COVID-19 გახდა ის მთავარი საბაბი, რატომაც მიიღო 81 წლის პოლიტიკოსმა ასეთი რთული გადაწყვეტილება და კამპანიის გაგრძელებაზე უარი თქვა. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან არ იყო დაკავშირებული, რეალურად, მას კანდიდატურის მოხსნისკენ სენატორები, კონკურენტები და ამომრჩევლები დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ, რაც მისი არასახარბიელო ჯანმრთელობითა და აშკარა სიბერით იყო განპირობებული, რომლის დამალვა ან უარყოფა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მარტო უჩვეულოა, არამედ უპრეცედენტოა, რადგან ამერიკის ისტორიაში არცერთ მოქმედ პრეზიდენტს არ უთქვამს მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი. ცხადია, ეს მძიმე გადაწყვეტილება ბაიდენს იზოლაციაში არ მიუღია, ის უდიდეს ზეწოლას განიცდიდა როგორც ამომრჩევლის, ასევე კოლეგების, გუნდის წევრების, დემოკრატი სენატორებისა და კამპანიის მხარდამჭერი დონორების მხრიდან, რადგან ყველა, ვისაც არჩევნების ბედ-იღბალი ადარდებდა, ეჭვობდა, რომ ბაიდენი სათანადო ფიზიკურ მდგომარეობაში ვერ იყო და, როგორც ჩანს, მათი ეჭვები გამართლდა.

დღეისათვის ამერიკაში ყველას ერთი შეკითხვა აწუხებს - ვინ იქნება დემოკრატიული პარტიის ახალი კანდიდატი, ვინც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას დონალდ ტრამპს გაუწევს?

თავად ბაიდენმა მემკვიდრედ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დატოვა და მხარდაჭერა სწორედ მის კანდიდატურას გამოუცხადა, თუმცა თავად ეს გადაწყვეტილება არა ბაიდენის, არამედ დემოკრატიული პარტიის მისაღებია, რომელსაც სხვა კანდიდატის წარდგენაც შეუძლია. რეალურად, ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი უახლოეს მომავალში გვეცოდინება, თუმცა, მაღალი ალბათობით, „ლურჯების“ კანდიდატი სწორედ კამალა ჰარისი იქნება, რომელმაც ერთ დღეში უკვე მოიზიდა $50 მილიონის დონაციები და დემოკრატებს გამარჯვების ახალი იმედი მისცა.

თავად კამალა ჰარისს რაც შეეხება, ის 59 წლის პოლიტიკოსია კალიფორნიის შტატიდან. ის ისტორიაში შევიდა როგორც როგორც პირველი ქალი, პირველი აფროამერიკელი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. ჰარისის ცხოვრება და კარიერა მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც მას პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცევს.

ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს ოკლენდში დაიბადა, მისი დედა ინდოელი მეცნიერი იყო, რომელიც აშშ-ში 1960-იან წლებში ჩავიდა, ხოლო მამა ეკონომისტი იყო კარიბის ზღვაში მდებარე იამაიკიდან. ჰარისმა ბავშვობა და ახალგაზრდობა კალიფორნიაში გაატარა, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. მისი მშობლების გავლენით ჰარისმა ბავშვობიდანვე გაიაზრა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობა და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწორედ ამ პრინციპებს იცავდა.

ჰარისმა სწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში დაიწყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული აფროამერიკული სასწავლებელია ქვეყანაში. აქ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებასა და ეკონომიკაში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჰარისი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ აქტივობებსა და პოლიტიკურ დებატებში, რაც მას ლიდერობის უნარების განვითარებაში დაეხმარა. შემდგომში, მან სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში, რაც მისი იურიდიული კარიერის საფუძველი გახდა.

ჰარისმა კარიერული საქმიანობა დაიწყო როგორც უმცროსმა საოლქო პროკურორმა კალიფორნიის ერთ-ერთ რაიონში, თუმცა მისმა ძალისხმევამ მალევე მიიპყრო ზემდგომების ყურადღება, რის შედეგადაც იგი სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორი გახდა. გამორჩეული მიღწევების გამო, 2010 წელს იგი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად აირჩიეს, რაც ამერიკაში განსაკუთრებით მაღალ თანამდებობად ითვლება, თანაც ჰარისი ისტორიაში პირველი ქალი იყო ამ პოსტზე.

2017 წელს ჰარისი კალიფორნიის სენატორი გახდა და ამ ნაბიჯით მან ოფიციალურად გადაინაცვლა უმაღლეს პოლიტიკასა და დემოკრატიული პარტიის ელიტაში.

მის შეხედულებებს რაც შეეხება, კამალა ჰარისის პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერალურია და მისი საქმიანობა გამოირჩევა სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის პრინციპებით. იგი მხარს უჭერს ქალთა და ლგბტ უფლებებს, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის რეფორმებს და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ჰარისმა აქტიურად იმუშავა Green New Deal-ის მხარდასაჭერად და წამოაყენა ინიციატივა სოციალური და ეკონომიკური უსამართლობის წინააღმდეგ. მისი ხედვა მოიცავს: იმიგრაციის რეფორმებს, პოლიციის რეფორმას და სამართლიანობის სისტემის გაუმჯობესებას.

ჰარისმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის სფეროს რეფორმას. იგი გამოდიოდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივით. მისი ხედვა იყო, რომ ყველა ამერიკელს უნდა ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და იაფ სამედიცინო დახმარებასთან, განურჩევლად შემოსავლისა და საცხოვრებელი ადგილისა.

2020 წელს ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი, რომლითაც ჰარისი გახადა პირველი ქალი, პირველი აფროამერიკელი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში.

ვიცე-პრეზიდენტის როლში, მისი ხედვა მოიცავს: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას და სოციალური სამართლიანობის გაძლიერებას. ჰარისი აქტიურად მუშაობს იმიგრაციის რეფორმებზე, ცდილობს გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა და ცდილობს, რომ ყველა ამერიკელს ჰქონდეს სოციალური სერვისების მიღების თანაბარი შესაძლებლობები. მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ამომრჩევლები ჰარისს დადებითად აფასებენ და ეს რიცხვებშიც ჩანს. რიცხვებთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ ჰარისის ქონების შეფასება 8 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც არაფერია დონალდ ტრამპთან შედარებით, რომელიც ისტორიაში ყველაზე მდიდარი საპრეზიდენტო კანდიდატია და თითქმის $7 მილიარდის ქონებას ფლობს.

ჰარისის კარიერა, იდეოლოგია და სამომავლო ხედვა სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს ემყარება, რაც მისი მოღვაწეობის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ფაქტია, რომ პროკურორის, სენატორისა თუ ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში მანდ დაამტკიცა, რომ ის ღირსეული კანდიდატია, ახლა კი ის ყველაზე რთული ბრძოლის წინაშე დგას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები