საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ფინტექ მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, - ამ საკითხზე BMG-ის ბაქოს ოფისმა ინტერვიუ საქართველოს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელ დავით კიკვიძესთან ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
- ბატონო დავით, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, გკითხავთ რა არის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ფინტექ მიმართულებით თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები?
მადლობა თქვენ მოწვევისთვის. რაც შეეხება კითხვას, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობაა. როგორც იცით, საქართველოს ფინტექ ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ჩვენ ასევე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რეგულაციების, ბიზნესმოდელების და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მოქნილი ბაზარია საერთაშორისო კომპანიებისთვის. ამის რამდენიმე მიზეზია. ჩვენ ძალიან განვითარებული საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთადაც შეიძლება შექმნან რეგულაციები, მაგალითად მონაცემების, ინფორმაციის გაცვლის, სერვისების ერთმანეთის მოქალაქეებისთვის შეთავაზების კუთხით და სხვა. ამიტომაც ვცდილობ, რომ აზერბაიჯანთან მუდმივად კონტაქტზე ვიყო და ერთგვარი შუამავლის როლიც შევასრულო აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, ასევე ქართულ კომპანიებთან, რათა ისინი აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდნენ.
- თუ შეგიძლიათ კონკრეტული პროექტების დასახელება ფინტექის მიმართულებით, რასაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოიაზრებთ?
საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირების გაფართოებას ცდილობენ. მათი უმრავლესობის მთავარი აქცენტი აზერბაიჯანზეა, ვინაიდან აზერბაიჯანი, პირველ რიგში, უდიდესი ბაზარია. ასევე თქვენ, აზერბაიჯანს გაქვთ ძალიან კარგი ტემპი და პოზიცია განვითარების კუთხით, გარდა ამისა, აზერბაიჯანული კომპანიებიც ფიქრობენ ქართულ ბაზარზე შემოსვლას, ვინაიდან საქართველო გახდა კავკასიის რეგიონში ერთგვარი ჰაბი. საქართველოდან შესაძლებელია ბიზნესის კეთება სხვა ქვეყნებში, არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მაგალითად უზბეკეთში, ყაზახეთში და უფრო დიდ ბაზრებზე, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ცენტრში არიან. მეორე მიმართულებაა, როგორც აღვნიშნე ორი ქვეყნის რეგულაციების თავსებადობა, რაც ამ ორი ბაზრის დაკავშირების საშუალებას იძლევა და ჩვენს კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის.
- როგორც ვიცით, ქართული ფინტექკომპანია CityPay გეგმავს აზერბაიჯანის ბაზარზე შემოსვლას. რას გვეტყვით ამაზე?
CityPay ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი აღსანიშნი სტარტაპია. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა უნიკალური შესაძლებლობა კრიპტოგადახდების კუთხით. შედეგად მათ შეძლეს ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კომპანია Tether-ისგან $10 მლნ-ის ინვესტიციის მოზიდვა. ეს ნიშნავს, რომ მათი მოცულობა გაიზრდება და სხვა ქვეყნებში გაფართოების შანსებიც იზრდება. CityPay-მ გადაწყვიტა აზერბაიჯანის ბაზრის შესახებ კვლევა ჩაეტარებინა, რეგულაციების, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების კუთხით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ისინი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განაცხადებენ აზერბაიჯანთან დაკავშირებით და იმის შესახებ, გეგმავენ თუ არა რომელიმე აზერბაიჯანულ ფინტექ კომპანიასთან პარტნიორობას. ჩვენი ასოციაცია ამ პროცესს აქტიურად მიყვება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას აღმოუჩენს კომპანიას აზერბაიჯანში ოპერირების წარმატებით გაშვებისთვის.
- ზოგადად, როგორ შეაფასებდით ჩვენი რეგიონის ფინტექ ეკოსისტემის პოტენციალს?
პოტენციალი ძალიან მაღალია, თუმცა ამ პოტენციალს სჭირდება მხარდაჭერაც. მხოლოდ პოტენციალი არაფრის მომცემია. გვჭირდება მხარდაჭერა არამხოლოდ ბიზნესების მხრიდან, არამედ მარეგულირებლების მხრიდანაც. ჩვენ გვჭირდება ინოვაციების ერთგვარი მიდგომა. საქართველოში მთავარი ინოვაციები ფინანსურ სისტემაში კომერციული ბანკებისგან მოდის. თუმცა, ახლა ის დროა, როცა ფინტექ კომპანიებს აქვთ მეტი მოქნილობა რომ შექმნან მართლაც უნიკალური და ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. გვჭირდება ერთგვარი მიდგომა, სადაც კომერციული ბანკები შეეცდებიან ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობას.
- ფინტექ სფეროში თანამშრომლობის რა პერსპექტივებს ხედავთ?
ჩვენი ასოციაციის დევიზია თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად. ამიტომაც ჩვენ ვქმნით უნიკალურ პლატფორმას, სადაც ყველა ფინტექ კომპანია თავს იყრის, ერთმანეთს ეკონტაქტება და იქმნება თანამშრომლობის პერსპექტივები. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა ფინტექ კომპანიები ჩვენს პლატფორმაზე ხვდებიან ერთმანეთს და შემდეგ ერთად ახალ სერვისებსა თუ პროდუქტებს ქმნიან. თუმცა ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა არის ის, რომ შევქმნათ თანამშრომლობის შესაძლებლობები ფინტექ კომპანიებსა და კომერციულ ბანკებს შორისაც.
- რა როლი აქვს სამთავრობო და კერძო სტრუქტურებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ფინტექ თანამშრომლობის წახალისების კუთხით?
მთავრობის როლი დიდია, ვინაიდან, პირველ რიგში, რასაც ინვესტორი უყურებს, ეს არის ბაზარზე არსებული რეგულაციები. თუ რეგულაციები მოქნილია და მორგებულია ბიზნესს, თუმცა ამასთან გათვლილია ფინანსურ სტაბილურობაზე, ინვესტორები ბაზრით ინტერესდებიან. ამიტომაც გვჭირდება, რომ მარეგულირებლები მომავალზე იყვნენ ორიენტირებული, რათა ნამდვილად მოქნილი შესაძლებლობები შეიქმნას. როგორც უკვე აღვნიშნე, თავსებადობა არის უმთავრესი ასპექტი, როცა ჩვენ დიდი ბაზრის ფორმირებას ვახდენთ, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, კორპორაციული ბიზნესებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საქართველოში გვაქვს მეტ-ნაკლებად მოქნილი რეგულაციების ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ. ასევე, საქართველოში, შემიძლია ვთქვა რომ რეგულატორმა ფოკუსი ფინტექების სასარგებლოდ უნდა შეცვალოს. ახლა კი ფოკუსი უფრო მეტად კომერციულ ბანკებზეა. ამ კუთხით მცირედი ცვლილებები გვჭირდება.
- და ბოლოს, რა შეიძლება ისწავლონ სხვა ქვეყნებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობიდან ფინტექის მიმართულებით?
გაკვეთილები ნამდვილად ბევრია. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება გავაცნობიეროთ, რომ უმთავრესი ასპექტი სექტორის განვითარებისთვის ფინანსური სტაბილურობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. კაპიტალი ერთ-ერთი უმთავრესია. ამიტომაც, თითოეულმა ბაზარმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ სტარტაპები და ფინტექ სტარტაპები კაპიტალის მოზიდვას. მაგალითად, საქართველოში ჩვენ გვაქვს ამ კუთხით პრობლემები, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს კაპიტალის განვითარებული ბაზარი და შეიძლება ითქვას, რომ დაფინანსების ერთადერთი წყარო კომერციული ბანკებია. ამაზეც პირველ რიგში რეგულატორმა უნდა იფიქროს. მეორე მხრივ კი საჭიროა უნარები, ცოდნა და პროფესიონალები. ვფიქრობ, ყოველ წელს, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მსოფლიოს პრობლემაა, სექტორში კვალიფიციურ კადრებზე მაღალია მოთხოვნა და მუდმივად გიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შექმნა ამ სფეროში - ფინტექის მიმართულებით გამოცდილება, როგორ გაზარდო პროფესიონალთა რიცხვი, რათა მათ მისცე შესაძლებლობა, რომ შექმნან ახალი სერვისები, ინოვაციური პროდუქტები.
- გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო იყო.
მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წარმატებები.