მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის საწვავის თვითღირებულება და ფასის რა წილი მოდის გადასახადებზე?

ნავთობპროდუქტები

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინის მედიანური ფასი 2.95 ლარს შეადგენს. ეს წარმოადგენს საცალო ფასს, ხოლო საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, კონსოლიდირებული ტენდერით, რომლითაც მთავრობა საწვავს ყიდულობს, ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 2.31 ლარს შეადგენს, რაც საცალო ფასთან შედარებით 64 თეთრით ნაკლებია.

საწვავის საბოლოო საცალო ფასი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, საიდანაც უმთავრესი არის საწვავის თვითღირებულება. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით Platts-ის ტიპის ერთი ტონა რეგულარის მარკის საწვავის ფასი 693 დოლარს შეადგენდა, რაც ერთ ლიტრზე 51.2 ცენტის, ანუ 1.46 ლარის ტოლია. დამატებული ღირებულების გადასახადი 2.95 ლარის საბოლოო ფასის 18%-ია, რაც 53 თეთრს შეადგენს, ხოლო აქციზის გადასახადი 37 თეთრია. ჯამში ამ ორი გადასახადის წილი 90 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, უშუალოდ ნავთობკომპანიის ლოგისტიკის, ადმინისტრაციული და საფინანსო ხარჯებისთვის ასევე კომპანიის მოგების მარჟისთვის 59 თეთრი რჩება.

2024 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 642 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 64 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი.

ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთიდან 1.3 მილიარდი დოლარის (ზრდა 12%) 1.59 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა.

ამ დროისთვის საკუთარი ფინანსური შედეგები საქართველოში მოქმედი ქსელური ნავთობკომპანიების უმეტესობას უკვე წარდგენილი აქვს. ჯერჯერობით გამოქვეყნებულია მხოლოდ 2023 წლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა 2.6 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო სექტორის ჭრილში უმსხვილესი ნავთობკომპანიების ჯამური მოგება -5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც უარყოფითი მოგების მარჟაა. ზარალი მსხვილ ნავთობკომპანიებში პერიოდის განმავლობაში არსებულ ზარალს უკავშირდებოდა.

კომპანია შემოსავალი 2023 წელს ფინანსური ანგარიშის თანახმად მოგება
ჯგუფი ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია 642 მილიონი ლარი; 35 მილიონი ლარი;
რომპეტროლი 626 მილიონი ლარი; -7 მილიონი ლარი;
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 597 მილიონი ლარი; -43 მილიონი ლარი;
ლუკოილ-ჯორჯია 486 მილიონი ლარი; 17 მილიონი ლარი;
პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია 247 მილიონი ლარი; -7 მილიონი ლარი;

წყარო - კომპანიების ფინანსური ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები