მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის შუა დერეფნის პოტენციალი და საქართველოს ლოგისტიკის სუსტი წერტილი - ქობულიას პასუხი

6478582951065
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.23 23:45
992
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, Mckinsey & Company-ის პარტნიორი გიორგი ქობულია გადაცემა “წერტილის” ეთერში საქართველოს ლოგისტიკის სექტორის ეფექტიანობის შესახებ საუბრობს. წამყვანის კითხვაზე თუ რა არის შუა დერეფნის პოტენციალი, ქობულია პასუხობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გათვალისწინებით ამ დერეფნის მიმზიდველობა გაიზრდება, თუმცა საქართველოს ლოგისტიკის სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი ამჟამად არა პორტებში, არამედ რკინიგზაშია.

“ამ დერეფნის მიმზიდველობა საკმაოდ გრძელ ვადაში დარჩება აქტუალური. რუსეთის საკითხი საკმაო ხანი არ მოგვარდება. ის დერეფანი, რომელიც გადიოდა რუსეთის ფედერაციაზე, არ ვფიქრობ რომ სრულყოფილად აღდგება. შესაბამისად, ჩვენი დერეფნის აქტუალობა დარჩება საკმაო ხნის მანძილზე და უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ლოგისტიკური სისტემები. თუკი გარკვეული სახით რუსეთის დერეფნები აღდგა, მაშინ ჩვენ არ უნდა განვახორციელოთ უაზრო ინვესტიციები, რომლებიც მომავალში შეიძლება ვინანოთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვახორციელოთ აზრიანი ინვესტიციები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ლოგისტიკური სისტემები. ეს შეეხება პირველ რიგში არა პორტებს არამედ ჩვენს რკინიგზას. ჩვენ ისეთი პრობლემა არ გვაქვს პორტებში, როგორიც რკინიგზაში. რკინიგზის ეფექტიანობის საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ.

ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საჭიროებს გადახედვას, არ მაქვს ფაქტები და არ ვიცი გაანგარიშებები დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე როგორ გამოიყურება ამ პორტის ეკონომიკა. რა თქმა უნდა ამას სჭირდება გადახედვა რკინიგზასთან ერთად.

დღეისთვის რკინიგზის გამტარუნარიანობა მისულია პიკამდე, თუკი არ გაიზარდა რკინიგზის გამტარიანობა, მაშინ როგორ უნდა მივიტანოთ ტვირთი პორტამდე,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს რკინიგზა უკვე 10 წელზე მეტია, რაც მოდერნიზაციის პროექტზე მუშაობს, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკია. პროექტი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, ის რამდენჯერმე გადავადდა. საუბარია საუღელტეხილო 38-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულ მოდერნიზაციაზე, მათ შორის ექსპლუატაციაში ახალი გვირაბის შეყვანაზე. პროექტის დასრულების შემთხვევაში საქართველოს რკინიგზას წელიწადში 48 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეეძლება.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე
• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ
მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა
მრუდების საქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები