რა არის ციფრული ვალუტა, რა საფრთხეებსა თუ უპირატესობებთანაა მისი დანერგვა დაკავშირებული და გვაქვს თუ არა შიშის საფუძველი? - ეს ის კითხვებია, რომლებმაც აქტუალობა განსაკუთრებით ბოლო კვირებში შეიძინა.
ეროვნული ბანკისთვის ციფრული ლარის გამოშვების უფლების მინიჭებამ საზოგადოებაში საგრძნობი ხმაური გამოიწვია, თუმცა საკითხის არსის გასაგებად საჭიროა, ამ სიახლეს საქმიანად შევხედოთ.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავი აქვს მოყრილი ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.
რა არის ციფრული ვალუტა?
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ქვეყნის ფიზიკური ეროვნული ვალუტის ვირტუალური ვერსია, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება როგორც ბიტკოინისგან, ისე კერძო სთეიბლქოინებისგან, როგორებიცაა USDT ან USDC. საგრძნობლად განსხვავდება იმიტომ, რომ მას უშუალოდ ცენტრალური ბანკი აკონტროლებს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო ქვეყნების 90%-ზე მეტი, კერძოდ 145 სახელმწიფო ამ ტექნოლოგიას იკვლევს, თუმცა რეალურ დანერგვას თითქმის არავინ ჩქარობს.
ამ სიაში მნიშვნელოვანი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც მიმართულების აბსოლუტური ლიდერია. აზიური გიგანტის ოფიციალური ვალუტის ციფრული ვერსიის ბრუნვამ უკვე $2.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება დასავლეთს, ევროზონა და დიდი ბრიტანეთი ჯერ ისევ საპილოტე და დიზაინის ფაზაში არიან, შეერთებულმა შტატებმა კი 2025 წელს საცალო CBDC-ის გამოშვება პრეზიდენტის ბრძანებულებით საერთოდ აკრძალა და აქცენტი კერძო სტაბილქოინებზე გადაიტანა.
რა უპირატესობები აქვს ციფრულ ვალუტას?
პირველი დიდი პრივილეგია საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივება და გასწრაფებაა. მაგალითად, პროექტ mBridge-ის მეშვეობით, რომელშიც ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი მონაწილეობენ, ტრანზაქციები დღეებიდან წამებამდე არის შემცირებული. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, გვერდი აუარონ SWIFT-ის სისტემას, ამერიკულ საკორესპონდენტო ბანკებს და, შესაბამისად, დასავლურ სანქციებსაც კი.
მეორე საკითხია, ეს რამდენად დადებითია იმ ფონზე, რომ აშშ სწორედ SWIFT-ის სისტემიდან გაძევების მუქარას იყენებენ რიგ არადემოკრატიულ სახელმწიფოებზე ზეწოლის გასაზრდელად, მაგრამ ფაქტია, რომ ციფრული ვალუტა ადგილობრივი თუ გლობალური გადახდების განხორციელებას წამებამდე ამცირებს.
მეორე დიდი უპირატესობა ეგრეთ წოდებული „პროგრამირებადი ფულია“. ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით, ფულს შეიძლება ჩაეწეროს კონკრეტული პირობა - მაგალითად, თუ ადამიანი რაღაცას შეიძენს, გადახდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ტვირთი ადგილზე ჩავა და მეპატრონეს ჩაჰბარდება. მსგავსი მექანიზმი შეამცირებს დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის არაერთ ბიუროკრატიულ პროცედურას.
რა უარყოფითი მხარეები აქვს ციფრულ ვალუტას?
რაც შეეხება უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებს, მათ შორის ყველაზე დიდი კომერციული ბანკების გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებაა. თუ მოქალაქეებს შეეძლებათ ფული პირდაპირ ცენტრალური ბანკის უსაფრთხო ციფრულ საფულეში შეინახონ, კომერციული ბანკები ყველაზე იაფ რესურსს - დეპოზიტებს დაკარგავენ. შედეგად, ბანკებს სესხების გაძვირება მოუწევთ, რაც ეკონომიკის დაკრედიტებას შეაფერხებს.
უფრო მეტიც, ფინანსური პანიკის დროს, მოქალაქეებს შეეძლებათ ტელეფონზე თითის ერთი დაჭერით, წამებში გაიტანონ თანხები ბანკებიდან, რაც მყისიერ საბანკო კოლაფსს გამოიწვევს.
სწორედ ამის შესაზღუდად ევროპაში უკვე განიხილავენ მკაცრ ლიმიტებს, თუ რა მოცულობის ციფრული ვალუტის ფლობის უფლება ექნება ერთ ადამიანს.
ამას ემატება სამი სერიოზული ბარიერიც: პირველი ის არის, რომ ნაღდი ფული ფაქტობრივად ყოველთვის, ყველგან მუშაობს, ციფრული ვალუტის უინტერნეტოდ გამოყენებას კი სპეციალური მიკროჩიპები სჭირდება, რათა ერთი და იგივე თანხა ორჯერ არ დაიხარჯოს.
მეორე ბარიერი პერსონალურ მონაცემებსა და ტოტალური კონტროლის საფრთხეს უკავშირდება. რადგან ციფრული კვალი ყველა ტრანზაქციას აფიქსირებს, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ადამიანის მხრიდან გადახდებისას სრულფასოვანი, დამოუკიდებელი მოქმედება.
მესამე ბარიერი კვანტური კომპიუტერებია. ისინი ამჟამად მასშტაბურ საფრთხეს არ ქმნიან, მაგრამ განვითარების არსებული ტემპის ფონზე მომავალში მათ შესაძლოა კრიპტოგრაფიული დაცვის გატეხვა მარტივად მოახერხონ. განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია, რომ სახელმწიფოებს ამ მხრივ კონტროლის ბერკეტები ჯერ არ აქვთ.
რატომ შეიძლება სჭირდებოდეს საქართველოს ციფრული ლარი?
ყოველივე ზემოხსენებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რაღატომ შეიძლება სჭირდებოდეს საქართველოს ციფრული ლარი. ამაზე კი თავისი პასუხი აქვს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით კიკვიძეს. მან BMG-სთან საუბრისას განმარტა, პირველი პრივილეგია მონეტარული პოლიტიკის სისწრაფესთან იქნება დაკავშირებული.
დღეს, როცა სებ-ი ინფლაციის სამართავად რეფინანსირების განაკვეთს ცვლის, ეკონომიკაზე ამის ასახვას დიდი დრო სჭირდება, ციფრული ლარით კი ეფექტი ბევრად მყისიერი იქნება.
რაც შეეხება მეორე უპირატესობას, როგორც კიკვიძე აღნიშნავს, რიგითი მოქალაქეებისთვის ბანკთაშორისი გადარიცხვები გამარტივდება, რადგან ადამიანები აღარ იქნებიან სრულად კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულები.
როდის უნდა ველოდოთ ციფრულ ვალუტას?
სტატიაში საუბარი იყო ციფრული ვალუტის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, თუმცა მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი არის ის, თუ როდის ვიხილავთ მას რეალობაში. როგორც ირკვევა, ის უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 ოქტომბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა და პირდაპირ განმარტა, რომ უახლოეს წლებშიც კი არ იგეგმება ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი შემოღება.
შესაბამისად, ამჟამად ქართულ საფინანსო სისტემებში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს.
























