დღეს, სუს-ის ყოფილ უფროსს რამდენიმე კორუფციულ საქმეში მონაწილეობისთვის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მათ შორისაა $1 მილიონის ქრთამის აღება ქარის ელექტროსადგურის პროექტში. მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
"2022 წლის ოქტომბერში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის", - განაცხადა გვარაკიძემ.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ჩაღათაი ულქერი საქართველოში თურქული EKSIM ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი “აჭარ ენერჯი 2007” 2017 წლიდან 47.5 მეგავატის სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ს, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატის სიმძლავრის კირნათი ჰესს მართავს.
კომპანია საქართველოში რამდენიმე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატ საათი უნდა იყოს:
- ბოტისის ქარის ელექტროსადგური - 80 მეგავატი; სადგური აერთიანებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თონეთის მიმდებარედ 12 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 287 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
- გორის ქარის ელექტროსადგური - 80 მეგავატი; სადგური აერთიანებს გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ 11 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 334 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
- როდინაულის ქარის ელექტროსადგური - 100 მეგავატი; სადგური აერთიანებს ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების როდინაულისა და სვირის მიმდებარედ 14 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 302 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
გარდა ქარის ელექტროსადგურისა, EKSIM ჰოლდინგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 50-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობასაც გეგმავს.
2025 წლის ოქტომბერში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკერ ტივინკლი მონაწილეობდა თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმში, სადაც საქართველოს გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო და სამართლებრივი ჩარჩო შეაქო.
"ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის სამართლებრივ ჩარჩოს, კანონმდებლობას, რაც აიოლებს ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ საქართველოში დავიწყეთ ჰიდროელექტროსადგურებით და გადავედით მზის ენერგიის გენერირების სფეროში. ჩვენ ვენდობით საქართველოს,"- განაცხადა აბუბეკერ ტივინკლიმ ოქტომბერში.
BMG შეეცდება კომპანიასთან გაარკვიოს დაიკითხნენ თუ არა მისი წარმომადგენლები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.




























