მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის Web3? - TECH INFORM

Web3

ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიური სამყაროს შუაგულში, "სილიკონის ველზე", ყველას და ყველაფრის ყურადღების ცენტრში ინტერნეტის განვითარების ახალი ეტაპი - Web3 მოხვდა. როგორც ინდუსტრიაში ამბობენ, იგი ადამიანებს ციფრული სამყაროს სრულფასოვან წევრებად აქცევს და ინტერნეტის ფლობის და მისი დეცენტრალიზებულად მართვის საშუალებას აძლევს.

Web3-ის პიკური პერიოდი უკვე გადავლილია და ბევრი ამ მიმართულებას ცოცხალ-მკვდრადაც მიიჩნევს, მაგრამ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიმართ არსებული ინტერესის ფონზე, Web3 ჯერაც აქტუალურ საკითხად რჩება ტექნოლოგიურ წრეებში, რის გამოც გადავწყვიტეთ, მის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვეთ.

მოდი, მარტივი დაკვირვებით დავიწყოთ: Web3-ის არსებობა, თავისთავად, განვითარების სულ მცირე სამ ეტაპს გულისხმობს, რომელიც "ვებმა" მისი შექმნიდან დღემდე გამოიარა. პირველი ეტაპი - ინტერნეტის ხანაა, ანუ პერიოდი, სანამ ვები შეიქმნებოდა. ეს დრო, სხვათა შორის, სრული დეცენტრალიზაციით იყო გამორჩეული. მოგვიანებით, ინტერნეტი, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ ნიშური სერვისი იყო და რომელსაც რამდენიმე ადამიანი იყენებდა პლანეტის მასშტაბით, წაკითხვად სერვისად გადაიქცა და პირველი "ვებბრაუზერებიც" გამოჩნდა. წაკითხვის შემდეგ კი, განვითარების ბუნებრივი ნაბიჯი - ჩაწერა იყო და სწორედ აქ იჩინა თავი .com-ის ბუშტმა. დროსთან ერთად, ვებგვერდებიდან აპლიკაციებზე გადავერთეთ, ანუ ის სრულად პორტატული გახდა.

აი, ასე მივედით Web3-მდე, რომელიც სრულიად ახალი და ჯერ კიდევ განვითარებადი ტექნოლოგიური ქსელია, რის გამოც მისი მკაცრი განმარტება ჯერჯერობით არ არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, მესამე თაობის ინტერნეტი, Web 3.0-ი მისი წინამორბედებისგან განსხვავებულ სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ის ღია და უშუალოა, ხოლო მის გამოსაყენებლად არავის ნებართვა არ არის საჭირო.

პოპულარულ კულტურაში Web 3.0-ი განსაკუთრებით 2021 წელს გახდა პოპულარული, როცა Facebook-ის და აწ უკვე Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა მეტავერსის შექმნის შესახებ განაცხადა - ასე, თემა, რომელზედაც, ამ დრომდე, მხოლოდ გლობალური ტექნოლოგიური კომუნის აქტიური წევრები საუბრობდნენ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ისე კი, რაც უნდა საინტერესოდ და მომხიბვლელად ჟღერდეს ის, მეტავერსი Web3-თან დაკავშირებული ტექნოლოგიების ფართო ჩამონათვალის მხოლოდ ერთი რგოლია: მეტავერსის გარდა, Web3-ი ბლოკჩეინს, სმარტ-კონტრაქტებსა და კრიპტოვალუტებს, დეცენტრალიზებულ ფინანსებს, დეცენტრალიზებულ ავტომატიზებულ მოწყობას, იგივე DAO-ს, სხვა დონის ანონიმურობას, ფსევდონომიურობასა და NFT-ტექნოლოგიას აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები