მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის/როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

ნოროვირუსი

ნოროვირუსული ინფექცია მწვავე გასტროენტერიტის გამომწვევი ფართოდ გავრცელებული ვირუსია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აზიანებს. იგი დიარეისა და ღებინების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. ვინაიდან ვირუსი განსაკუთრებით აქტიურდება ცივ სეზონზე, მას ხშირად „ზამთრის ღებინების ვირუსსაც“ უწოდებენ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ". უკვე დღეს, 20 სექტემბერს NCDC-მ თქვა, რომ ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

რა არის ნოროვირუსი?

ნოროვირუსი შეიცავს ცილოვანი გარსით გარშემორტყმულ რნმ-ს. ამ რნმ-ის მუტაციისა და ცვლილების უნარის გამო, ბუნებაში ვირუსის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. თავისი ნიშნებით იგი წააგავს ე.წ. „კუჭის გრიპს“, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზებით არის გამოწვეული.

ძირითადი სიმპტომები

ვირუსით დაინფიცირებიდან სიმპტომები, როგორც წესი, 12-დან 48 საათამდე დროში ვლინდება. ძირითადი ნიშნებია:

  • ღებინება და გულისრევა;
  • წყლიანი დიარეა;
  • მუცლის ტკივილი და სპაზმები;
  • დაბალი სიცხე და შემცივნება;
  • საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავისა და კუნთების ტკივილი.

ზოგ შემთხვევაში ინფიცირებულ პირს შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ გამოუვლინდეს, თუმცა იგი მაინც გადამდები იყოს გარშემომყოფთათვის.

ნოროვირუსი გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით და უძლებს ექსტრემალურ გარემო პირობებს. ინფიცირება შესაძლებელია:

  • დაბინძურებული წყლისა თუ საკვების მიღებით (მათ შორის უმი, გაურეცხავი ხილით, ბოსტნეულით ან არასაკმარისად დამუშავებული ხორცით/ზღვის პროდუქტებით);
  • დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდეგ პირის ღრუში ხელის წაღებით;
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელების უგულებელყოფით.

დაავადების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები.

შესაძლო გართულებები და როდის მივმართოთ ექიმს

როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. თუმცა, ინტენსიური ღებინებისა და დიარეის გამო მთავარ საფრთხეს ორგანიზმის გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) წარმოადგენს, რასაც თან ახლავს პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და შარდის შემცირება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ:

  • სისხლს ღებინებასა თუ განავალში;
  • გაუწყლოების მძიმე ნიშნებს;
  • სიმპტომებს, რომლებიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება.

ნოროვირუსის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები და ანტივირუსული მედიკამენტები ეფექტური არ არის. მკურნალობის მთავარი პრინციპი ორგანიზმში სითხის ბალანსის აღდგენაა (ჰიდრატაცია).

  • კვების რეჟიმი: გამოჯანსაღების პროცესში რეკომენდებულია მსუბუქი დიეტა (ბანანი, მოხარშული ბოსტნეული, წვნიანი, იოგურტი). მოერიდეთ კოფეინს, გაზირებულ სასმელებსა და ალკოჰოლს.
  • ჰიგიენა: რეგულარულად და გულდასმით დაიბანეთ ხელები საპნით, კარგად გარეცხეთ პროდუქტები და მოახდინეთ ზედაპირების დეზინფექცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები