2024 წლის 7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს, ასევე მიწების დასამუშავებლად სპეციალურ ტექნიკას ითხოვენ. ახალგაზრდობას არ აქვს სტადიონი, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კულტურის სახლი ან რაიმე ტიპის შეკრების ადგილი მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ნაკლებობა.
"სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი.
დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული", - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ხელისუფლებასთან იმ საკითხების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.