NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეხმაურება ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ჩინური ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის.
„თავად ჩინელების კვლევებით, „სინოფარმის“ ეფექტიანობა მერყეობს 79%-დან 86%-ის ფარგლებში. „სინოვაკმა“ ბრაზილიაში აჩვენა 51%-იანი ეფექტიანობა, არაბეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში კი - 70%-მდე ეფექტიანობა. ორივე ჯანმოს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ და დასძინა, რომ გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა გაგებული.
„გვინდა, მოსახლეობა დავამშვიდოთ იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რასაც მომავალ თვეში გადავდგამთ იმავე ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით; დარწმუნებული ვართ, რომ მას ექნება მოსახლეობის დაცვისთვის საკმაო ეფექტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი განცხადებები, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა გააკეთა, „სინოვაკის“ ვაქცინას ეხებოდა, თუმცა კვლევები "სინოფარმზეც" გრძელდება.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რას იზამს საქართველოს მთავრობა თუ ჩინურმა „სინოფარმმა“, რომელშიც უკვე ფულია გადახდილი, ვერ მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია, გამყრელიძე ასე პასუხობს: „ყველა ვაქცინა, რომელიც სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ არის აღიარებული, გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობის დროს. პანდემიის დროს ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავისი მარეგულირებლის მიერ მოახდინოს ვაქცინის აღიარება. „სინოფარმის“ გამოყენების ლეგალური საფუძველი ქვეყანაში არის, მაგრამ ვგეგმავთ, ჯანმოს რეკომენდაციას, ავტორიზაციას დაველოდოთ“.
ინფორმაციისთვის: თავად ამირან გამყრელიძის თქმით, „კოვაქს-პლატფორმის“ ფარგლებში ვაქცინები არასაბაზრო ფასად, შედარებით იაფად შემოვიდა - „ასტრაზენეკა“ - $4-5 ფარგლებში ღირდა, „ფაიზერი“ – $11-12-ის ფარგლებში და ჩინური „სინოფარმი“ – $19-20.



























