სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი დიმიტრი გეგენავა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი XI მოწვევის პარლამენტისთვის პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების მისაღებად კიდევ ერთი ბერკეტი რჩება - ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
"ეს უფრო მეტად არის პროცედურული ვალდებულება, ვიდრე უფლებამოსილება, მაგრამ ავთენტიკური ინტერპრეტატორის საკითხი ყველაზე აქტუალურია სამართალში - ვინ დაასწრებს ნორმის განმარტებას რომელიმე სხვა საკონსტიტუციო ორგანოს.
უბრალოდ, პრეზიდენტის გაცხადებული პოზიცია დაახლოებით ვიცით, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის პოზიცია. პარლამენტი აპირებს, იმოქმედოს რეგლამენტის და კონსტიტუციის მიხედვით დადგენილი წესით, რომელიც ეხება რიგგარეშე სესიებისა და სხდომების მოწვევას და შესთავაზოს თავის თავს გამოსავალი, რომ ვინაიდან იწყება პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტი, პირობითად, არ დანიშნავს სხდომას, მივდივართ ჩაკეტილ წრემდე, გამოსავალი უნდა არსებობდეს.
ამიტომ, დიდი ალბათობით, პარლამენტი აამოქმედებს ნორმას, რომელიც გულისხმობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, რიგგარეშე სესიის ან სხდომის ჩანიშვნის თაობაზე, 48 საათში იღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, თუკი არ მიიღებს - პარლამენტი შეიკრიბება. ეს უფლებამოსილება პარლამენტს აქვს, თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს რიგით, მიმდინარე სესიებს ეხება და არა ახალი მოწვევის პირველ სესიას. თუმცა, ვინაიდან პარლამენტი გამოდის ავთენტიკური ინტერპრეტატორი, სანამ სასამართლო არ დაადგენს განსხვავებულ ინტერპრეტაციას, დარჩება ის განმარტება, რომელსაც პარლამენტი მიანიჭებს", - განმარტავს გეგენავა.
სამართლის დოქტორი აღნიშნავს, რომ ჰიპოტეტური შანსი იმისა, რომ XI მოწვევის პარლამენტი საერთოდ არ შეიკრიბოს, არსებობს, თუმცა ეს ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის ვადების გამოქვეყნების ვადებზეა დამოკიდებული. დიმიტრი გეგენავამ ასევე აღნიშნა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის მხარდაჭერისთვის სხდომაზე მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
"ბოლო ვადა კენჭისყრის ჩატარებიდან ცესკოს მიერ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე 26-ე დღეა, საიდანაც შემდეგ აითვლება 10 დღე, შემდეგ კიდევ, თუკი პრეზიდენტი არ გამოსცეს აქტს, აითვლება დრო და ჰიპოტეტურად შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი ვერც შეიკრიბოს, დამოკიდებულია იმაზე, შემაჯამებელი ოქმი როდის გამოქვეყნდება.
ვიდრე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი, საქართველოს მოქმედ პარლამენტს აქვს ეს უფლებამოსილება. როგორც კი ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, იმ წამიდან დაკარგავს მეათე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმაციას. ოღონდ ეს ცნობა უმრავლესობის მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს. სხდომის გახსნას მინიმუმ 76 დეპუტატი უნდა ესწრებოდეს, და შემდეგ უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მინიმუმ 2/3-მა უნდა მიიღოს", - ამბობს საბაუნის პრორექტორი.
დიმიტრი გეგენავა XI მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზეც საუბრობს. მისი განმარტებით, სამართალი ლეგალურობას და ლეგიტიმურობას მიჯნავს, რადგან როდესაც საქმე სახელმწიფო მოწყობას ეხება, სამართალი ყოველთვის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზეა დამოკიდებული.
"სამწუხაროდ, სამართალი ჩვენი ტიპის ქვეყანაში ცოტა სხვა დანიშნულების მექანიზმადაა აღქმული, ვიდრე დასავლეთში, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის უკვე ჩამოყალიბებული სამართლებრივი კულტურა, დამოუკიდებელი სასამართლო და სხვა მექანიზმები. ჩვენნაირი მყიფე ტიპის დემოკრატიაში, სამართლებრივ პროცესებზე როდესაც გადადის აქცენტი, ნიშნავს რომ საზოგადოებამ ყველა გზა მოიარა და ბოლო იმედიღა დარჩა სამართლებრივი პროცედურების.
ამ დროს სამართალი ყოველთვის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით როცა სახელმწიფო მოწყობას ეხება საქმე, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია და ყოველთვის ასე ხდება. ამიტომ, სამართალი მიჯნავს ლეგალურობას და ლეგიტიმურობას. ლეგიტიმურობას კი ორი მხარი აქვს - ფორმალური, პროცედურული და მატერიალური: საზოგადოებრივი განწყობა, ელექტორალური ნდობა და ამ ყველაფრისთვის ძალმოსილების მიცემა", - განმარტავს გეგენავა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მატერიალურ ლეგიტიმაციაზე გავლენას საერთაშორისო პარტნიორებისა და სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაციაც ახდენს, რომლებიც, თავის მხრივ, საზოგადოებრივ განწყობას ქმნიან.
ცნობისთვის, საბოლოო მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, უმრავლესობა კი მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" მეოთხედ მოიპოვა. 3110 უბნის შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 89 მანდატი შეხვდა, თუმცა, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ეს მონაცემები, შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს.