მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბიზნესში დარჩა ირაკლი რუხაძე "იმედის" და "ლიბერთის" გაყიდვის შემდეგ?

ირაკლი რუხაძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სიდიდით მეოთხე ბანკმა - "ბაზისბანკმა" ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან აქციათა საკონტროლო - 95.99% შეიძინა. გარიგებაზე მხარეები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და მასზე ეროვნულმა ბანკმა შეფასება ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა, რომლითაც მიუთითა, რომ ბანკების გაერთიანება საბანკო სისტემაში კონკურენციის დონეზე ნეგატიურად არ აისახებოდა.

2025 წელს "ლიბერთი ბანკის" მოგება 128 მილიონ ლარს შეადგენდა. ბანკის ჯამური აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. კონფიდენციალურია თუ რა თანხა არის "ბაზისბანკსა" და "ლიბერთის" შორის შემდგარი გარიგების მოცულობა.

ეს 2026 წელს ირაკლი რუხაძის მიერ მისი მსხვილი აქტივების გაყიდვის უკვე მეორე შემთხვევაა, რადგან 2026 წლის თებერვალში მან ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელევიზია - "იმედი", ასევე GDS-იც გაყიდა. თუმცა არხი მაღალი რეიტინგის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალით გამოირჩევა და მას 2024 წელს 67 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ამასთან წლების განმავლობაში ზარალით ოპერირების შედეგად ტელევიზიას 459 მილიონი ლარის ზარალი აქვს დაგროვილი, რისი გათვალისწინებითაც არხის დაფინანსებისთვის მთავარი წყარო დაკავშირებული პირებისგან მიღებული კრედიტები იყო. მათ შორის, ტელევიზიის აქტივები, რომლებიც თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე არის განთავსებული "ლიბერთი ბანკის" იპოთეკით არის დატვირთული. გარდა "ლიბერთი ბანკისა", ტელევიზიას აქვს მნიშვნელოვანი სესხები ირაკლი რუხაძის ოფშორული კომპანიის მიმართაც.

რა ბიზნესში დარჩა ირაკლი რუხაძე "იმედის" და "ლიბერთის" გაყიდვის შემდეგ? გთავაზობთ ჩამონათვალს:

"ქართული ცემენტი"

ამ დროისთვის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ი, რომელსაც ის ბიზნესპარტნიორებთან - ბენჯამინ ალბერტ მარსონთან და იგორ ალექსეევთან ერთად ფლობს, საქართველოში ეკუთვნის 45.45%-ის წილი ქვეყნის უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელ კომპანია "ჰანიველ ცემენტში". ცნობისთვის, ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".

ამ დროისთვის "ქართულ ცემენტს" გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.

"ქართული ცემენტი" ამასთან, კასპში მდებარე ქარხნის გაფართოებას და საწარმოო სიმძლავრის ზრდას გეგმავს, რომელიც 378,000 ტონა კლინკერს (ცემენტის ნედლეულს) აწარმოებს და კომპანიის ჯამურ ტექნიკურ შესაძლებლობას წელიწადში 1,863,000 ტონამდე გაზრდის.

"რუსთავის ფოლადი"

რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც, რომელიც საქართველოს უმსხვილესი შავი ლითონის მწარმოებელია, სრულად ეკუთვნის რუხაძის Hunnewel Partners-ს. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ქარხნის შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო (ზრდა 51 მლნ ლარი, +22%). თუმცა, ფინანსური ანგარიშის თანახმად, როგორც 2024, ასევე 2023 წლებში მეტალურგიული ქარხანა, რომლის შემოსავალიც ძირითადად არმატურის წარმოებასთან არის დაკავშირებული, ზარალზე იყო. კერძოდ, 2024 წელს ზარალი 27.8 მილიონ ლარს, 2023 წელს კი ზარალი 50.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

როგორც ქარხნის გენერალურმა დირექტორმა, იგორ კორიტკომ, 2026 წლის იანვარში, BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიის სტრატეგიულ მიზანს ამჟამად უნაკერო მილების წარმოების სეგმენტის ზრდა და არმატურის საწარმოო ხაზის გასხვისება წარმოადგენს, რადგან ამ მიმართულებით კომპანიას უკეთესი მარჟის დაფიქსირება შეუძლია.

რუსთავის ფოლადის აქტივები შეადგენს 242 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 298 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს რომ კომპანიას გააჩნია ნეგატიური კაპიტალი 55.9 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ძირითადად დაგროვილი ზარალით არის განპირობებული.

კომპანიას გააჩნია 145 მილიონი ლარის სესხები "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" მიმართ, ხოლო დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიის მიმართ კი "რუსთავის ფოლადს" 89 მილიონი ლარის კრედიტები აქვს.

10%-ის მინორიტარული წილი "მაგთიში"

ირაკლი რუხაძე, მისი ოჯახის წევრი (დედა) და მისი ბიზნესპარტნიორები - ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი კვლავ რჩებიან საქართველოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთის" მინორიტარი აქციონერები. კერძოდ, ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის აქციათა 3%; მის დედას ნათელა სახოკიას ასევე 3%; იგორ ალექსეევს 0.7%; ბენჯამენ მარსონს 1.4%; ვიქტორ ალექსეევს კი 1.9%. ჯამურად, მინორიტარი აქციონერების წილები 10%-ია.

ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისმა ჰოლდინგმა დაასრულა $250-მილიონიანი სასამართლო დავა Recovery Partners-თან. აღნიშნული განცხადების თანახმად, კომპენსაციების გადახდა და ასევე ყველა იურიდიული ხარჯი ჯამურად 250 მილიონ დოლარს აღემატებოდა. საქმე შეეხება მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მმართველი კომპანიის დამფუძნებლების წინააღმდეგ ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა შედეგადაც აღნიშნულმა კომპანიამ - Recovery Partners-მა დაკარგა შესაძლებლობა პატარკაციშვილის ოჯახისთვის გაეწია აქტივების აღდგენა/მართვის სერვისი, რაც მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewel Partners-მა განახორციელა. საქმეზე პირველი განაჩენი ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში დადგა, რასაც რამდენიმეწლიანი აპელაცია და კომპენსაციის დათვლა მოჰყვა, საბოლოოდ კი 2025 წლის მარტში ინგლისის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი უცვლელად დატოვა.

რამდენადაც ცნობილია მნიშვნელოვანი სასამართლო ხარჯების დასაფინანსებლად, რუხაძემ მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები აიღო, რასაც დაახლოებით ამავე პერიოდში მოჰყვა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბიზნესმენი მისი ყველაზე შემოსავლიანი აქტივის - "ლიბერთი ბანკის" გაყიდვას გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები