მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა დაწერა 2023 წელს აუდიტმა, რის საფუძველზეც დღეს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს?

ზურაბ კაკაბაძე

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბ კაკაბაძე დააკავეს.

პროკურატურამ თქვა, რომ ძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო. საქმე ის არის, რომ აუდიტის შესწავლის პერიოდი 2019-2021 წლებს ეხებოდა, აუდიტმა დასკვნა 2023 წლის 25 აპრილს გამოაქვეყნა, სამართალდამცველებმა კი კაკაბაძე მხოლოდ დღეს, 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს.

რას წერდა აუდიტი 2023 წლის გაზაფხულზე?

ანგარიშის მიხედვით, ფედერაციამ საანგარიშო პერიოდში, 517 866 ლარის დაუდასტურებელი ხარჯი გასწია. აქედან, ყველაზე დიდი 451 256 ლარი გახარჯულია ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით.

მაშინ აუდიტი წერდა იმას, რაც დღეს პროკურატურამ თქვა. კერძოდ, იმას, რომ 2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451,256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;

ასევე, დარღვევები იყო შესყიდვების ნაწილში, შიდა კონტროლის ნაკლოვანებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურების დროს თანხების არასწორი ხარჯვა;

ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხორციელდებოდა ბაზრის კვლევის და, შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე;

აუდიტმა თქვა ისიც, რომ ბაზრის კვლევისა და შესაბამისი ალტერნატიული წინადადებების განხილვის/ანალიზის გარეშე საანგარიშო პერიოდში შეისყიდეს 49,074 ლარის მედიკამენტები და საკვები დანამატები. მედიკამენტებისა და საკვები დანამატების საჭიროების განსაზღვრისა და ხარჯვის პროცესში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც წარმოშობს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს;

ასევე, 2021 წელს საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურება 49,450 ლარის ოდენობით დაფინანსდა არა მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან, არამედ კრიტერიუმის შეუსაბამოდ, საბიუჯეტო სახსრებით. მაშინ, როცა ევროპის ხელბურთის ფედერაციასა და საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტურნირებზე მონაწილე გუნდების სასტუმრო მომსახურების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები უნდა დაფინანსებულიყო მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან.

ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები