მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა ბიუჯეტს "რიყის დოქების" აშენება, რომელსაც კერძო ინვესტორი დაანგრევს

რიყის დოქები

დღეს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის პარკში 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ე.წ. "დოქები" დემონტაჟს დაექვემდებარება. ამასთან, კობახიძემ ობიექტს "სიმახინჯე" უწოდა.

ობიექტს სანამ ხალხის მიერ "რიყის დოქები" შეერქმეოდა, იქამდე ის მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო დარბაზის სახელით შენდებოდა. მისი პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, სამშენებლო ხელშეკრულება კი 2011 წლის სექტემბერში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ "თბილისის განვითარების ფონდსა" და სამშენებლო კომპანია NCC-ს შორის გაფორმდა. აღნიშნულ პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პროექტის მთლიანი ღირებულება 89 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი მშენებლობა შეწყდა, ობიექტი კი დაკონსერვდა. მასზე ფაქტობრივად დახარჯული თანხა 75 მილიონ ლარამდეა.

მასიმილიანო ფუქსასი არქიტექტურული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ორი "დოქიდან" ძირითადი "დოქი" დაპროექტდა როგორც საკონცერტო დარბაზი, ხოლო მეორე როგორც "საგამოფენო ცენტრი".

დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში ობიექტის დასრულებაზე უარი ითქვა და ის ნახევრად დასრულებული ფორმით დაკონსერვდა. შემდგომ წლებში კი საუბარი იყო მისი მშენებლობის განახლებაზე და მისთვის საგამოფენო ცენტრის მიცემაზე, შემდეგ კი კახა კალაძის მერობის პერიოდში მისი პრივატიზება გადაწყდა. ობიექტი გასაყიდად გამოიტანეს და 2020 წელს მისი საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო. აუქციონი ჩაიშალა ექვსჯერ, ხოლო მეშვიდეჯერ, 2022 წლის მარტში ის ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა. ობიექტს მოჰყვა საინვესტიციო ვალდებულება 20 მილიონი ლარის ოდენობით.

დავით ხიდაშელი ვალდებული იყო 36 თვის ვადაში ადგილზე არსებულ ნაგებობაში მოეწყო - ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები.

შესაბამისად, ხიდაშელს 3 წელი ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელებულიყო იმ ნაგებობაში, რომელიც მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტდა.

ობიექტის განვითარებისთვის დავით ხიდაშელს ინვესტიციები არ განუხორციელებია და ობიექტი ბოლო 3 წლის განმავლობაში კვლავინდებურად მიტოვებული დარჩა. რიყის პარკში მოსიარულე ტურისტები მის წინ ფოტოებს იღებდნენ და პერიოდულად კარის გაღებასაც ცდილობდნენ. 2025 წლის იანვარში კი ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 3-წლიანი საინვესტიციო ვადის ამოწურვის წინ, მან ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელია კომპანია "რიყე დომ", რომელიც 2025 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი. ნასყიდობის ხელშეკრულებით "რიყე დომზე" გადავიდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაც რაც 20 მილიონი ლარის ინვესტიციით ადგილზე საგამოფენო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებდა.

თუმცა, 2025 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლითაც საპრივატიზაციო ვალდებულება შეიცვალა. ობიექტის სამომავლო დანიშნულებების ჩამონათვალს დაემატა სასტუმროს მოწყობაც, ამასთან, შესაძლებელი გახდა მასიმილიანო ფუქსასის ნაგებობის დემონტაჟი და 14,591 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი ობიექტის მშენებლობა.

ჯერჯერობით ახალ კერძო ინვესტორს არ წარუდგენია პროექტი რა სახით იგეგმება რიყის პარკში მდებარე მიწის ნაკვეთის განვითარება, რამდენსართულიანი იქნება ახალი სასტუმრო, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება მასში და რომელი ბრენდის სახელით მოხდება მისი ოპერირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები