თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბი გახსნა. გვირაბის სიგრძე 110 მეტრს შეადგენს.
გვირაბის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 12.8 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტზე მერიის კონტრაქტორი გასული წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერით შეირჩა. აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში კომპანია "ნიუ ტრანს როუდმა" გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო.
თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტის ღირებულება 11.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიის წერილობითი დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების დასრულებას პირვანდელი კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტი დრო და თანხა დასჭირდა, რის გამოც მერიამ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის 12.8 მილიონ ლარამდე გაზარდა.



























