მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება აშშ-ის მთავრობას ნავთობის სტრატეგიული რეზერვის სრულად შევსება?

ნავთობის რეზერვი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ნავთობის და გაზის სტრატეგიული რეზერვი სრულად უნდა შეავსოს.

ერთი შეხედვით, ეს მარტივად შესასრულებელ დავალებად ჩანს, თუმცა საქმე ისაა, რომ სტრატეგიული რეზერვის მაქსიმალური მოცულობა 727 მილიონ ბარელს აღწევს და ის ამჟამად მხოლოდ 54%-ითაა შევსებული. ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის დათვლებით, ამჟამინდელი ფასით რეზერვის სრულად შევსებას დაახლოებით $20 მილიარდი დასჭირდება, ეს თანხა კი ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გამოყოფილი, რომელიც 2025 წლის გეგმით არ არის გათვალისწინებული.

ამასთან, ენერგეტიკის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რეზერვის მყისიერი შევსება არ არის სასურველი, რადგან ასეთი მსხვილი ტრანზაქცია ბაზარზე ნავთობის მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა სტრატეგიულ რეზერვს ეტაპობრივად, რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში შეავსებს.

ზოგადად, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვი 1975 წელს შეიქმნა, არაბული ემბარგოს შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ნავთობის რეზერვის მთავარი დანიშნულება ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება და საგარეო ფაქტორებისაგან აშშ-ის ეკონომიკის დაცვაა.

როგორც წესი, სტრატეგიულ რეზერვს პრეზიდენტები ნავთობის გასაიაფებლად იყენებენ. მაგალითად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მანდატის ამოწურვამდე თითქმის 300 მილიონი ბარელი ნავთობი გაყიდა, რაც აშშ-ში ენერგეტიკული კრიზისის თავიდან არიდებას ემსახურებოდა მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები