მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს: “ჰოლანდიური დაავადების” აჩრდილი საქართველოში

644ced61cc511
რომან გოცირიძე
29.04.23 14:00
12018
რა დრო დაგვიდგა - ლარი მყარდება, ჩვენ კი ამაზე ვწუხვართ.

ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან უცხოური ვალუტის უწყვეტი შემოდინებაა. რომ არა ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვა, დღეს ლარი კიდევ უფრო მყარი იქნებოდა. თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყო, დღეისათვის 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მხოლოდ სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა 460,5 მილიონი დოლარი შეიძინა, ხოლო გასულ წელს და მიმდინარე წლის სამ თვეში- 1,025 მილიარდი დოლარი. ეს მაშინ, როცა 2020 წელს, ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მოუწია 916 მილიონი დოლარის გაყიდვა, ხოლო 2021 წელს-355 მილიონი დოლარის. როგორც ვხედავთ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეს ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხული( როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების) ფულის ეფექტია.

ძალიან არაორდინალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თავისი ზემოქმედების ხარისხით ეს შეიძლება განვიხილოთ ე. წ. ჰოლანდიური დაავადების ნაირსახეობად. ერთის მხრივ, მართლაც რომ სიკეთეა დიდძალი უცხოური ვალუტის მოზღვავება, მეორეს მხრივ კი სერიოზულ პრობლემებს აჩენს. სანამ ჰოლანდიურ მოვლენას მეცნიერები ახსნას არ მოუძებნიდნენ და მისი მართვას არ ისწავლიდნენ, ჰოლანდიის და სხვა ქვეყნების ეკონომიკები საკმაოდ დაზიანდნენ. ერთია, რომ ახსნა ამ მოვლენის ბუნება და მეორეა, სწორ კალაპოტში ჩააყენო იგი. ეს არაა ადვილი საქმე და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის ამ კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა.

ჩვენი მდგომარეობა ნაწილობრივ დაემსგავსება ჰოლანდიურ სინდრომს თუ კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის პროცესი, რასაც ახლა ვუყურებთ.

“ჰოლანდიურ დაავადებას” უწოდებენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შეუზღუდავ შემოდინებას, გამოწვეულს ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ბუმით. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრმა ზრდამაც. ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზღვავების ერთ-ერთი წყარო ასევე შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, საერთაშორისო ფინანსური დახმარებების( უცხოური კრედიტების) მასშტაბური მოზიდვა და სხვა.

უცხოური ვალუტის ერთბაშად დიდი რაოდენობით შემოდინებამ (ჰოლანდიაში ეს გაზის ახალი საბადოების აღმოჩენას მოჰყვა), შეიძლება ცუდად იმოქმედოს ეკონომიკის სხვა დარგებზე, ასევ გამოიწვიოს ინფლაციის გააქტიურება.

დღეს ქვეყნებმა ისწავლეს ჭარბი სავალუტო შემოდინებების მართვა, მაშინ როცა ჰოლანდიის შემთხვევაში ეს მოვლენა უცნობი პრეცედენტი იყო, რამაც მძიმე კვალი დაატყო ამ ქვეყნის ეკონომიკას. სწორედ ჰოლანდიაში მომხდარი ამბის გამო ეწოდა ამ მოვლენას “ჰოლანდიური დაავადება”.

საქართველოს შემთხვევაში პრობლემა გამოიხატება დილემაში-ლარის მკვეთრი გამყარება და იმპორტულ საქონელზე ფასების შემცირება ერთი მხრივ და პრობლემების შექმნა ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ექსპორტისათვის, მეორე მხრივ. ჩვენთან ერთი სპეციფიკური მომენტიც იჩენს თავს-ჩვენი თანამემამულეების მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული დიდძალი უცხოური ვალუტის გაუფასურება. ეს მით უფრო საგანგაშოა, როცა ლარი მყარდება( ანუ დოლარი უფასურდება), ხოლო პარალელურად ფასებიც იზრდება.

ეროვნული ბანკიც დიდ გასაჭირშია-თუ არ დაუშვებს ლარის მკვეთრ გამყარებას და დაიწყებს დიდი ოდენობით დოლარების შესყიდვას(რაც ლარის მიმოქცევაში გაშვებას ნიშნავს), მაშინ ფასების ზრდა გარდაუვალია. ანუ ეროვნული ბანკი პრობლემის წინაშეა-“ზედმეტად” მყარი ლარის კურსის შენარჩუნება შესაბამისი პრობლემებითურთ თუ ლარის დასუსტება და ინფლაციის ზრდა. ჩვენს შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ ერთ მილიარდ დოლარზე მეტის შესყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში სამ მილიარდამდე ლარის გაშვებას. ამან ფასების მკვეთრი ზრდა რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა მისი “განეიტრალება”, ნაწილობრივ უკან ამოღება. ამას “სტერილიზაციას” უწოდებენ. ეს არ არის ადვილი საქმე, პირიქით, ძალიან ძნელია, რადგან ფულის მასაზე არა მხოლოდ მონეტარული, არამედ ფისკალური( ანუ საბიუჯეტო) და სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

ეროვნული ბანკის იძულებითი გააქტიურება ან ერთი ან მეორე მიმართულებით ცუდი იმიტომაცაა, რომ ფაქტობრივად, ჯანსაღი საბაზრო, თავისუფლად მცურავი კურსის რეჟიმი გადადის “ხელოვნურ” მართვაზე, ე.წ. მართვად მცურავ კურსზე. ეს ფაქტობრივად ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სავალუტო კორიდორში კურსის მოძრაობას ნიშნავს-კორიდორში როცა მიდიხარ, შეგიძლია მარცხნივ იმოძრაო ან მარჯვნივ, მაგრამ კედელს ვერ გასცდები. ასეთივეა ლარის მოძრაობაც-ზედა და ქვედა ზღვარი გაკონტროლებულია ვიღაცის მიერ. ეს ვიღაცა უკვე კონკრეტული ადამიანია, საბანკო მოხელე. ლარის კურსი უკვე დამოკიდებულია არა მარტო ბაზარზე, არამედ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ნება-სურვილზე, მათ კვალიფიკაციაზე, მათ თეორიულ მიდგომებზე ანუ მათ თეორიულ გემოვნებაზეც. ეს ამახინჯებს ბაზარს და მოუქნელს ხდის გაცვლით კურს, მოახდინოს სწორი რეაგირება შოკებზე და “შეიწოვოს” რისკები.

ვალუტის კურსის მოძრაობის ტრაექტორია ასევე დამოკიდებულია პოლიტიკურ ფაქტორებზეც, პოლიტიკურ ლობიზე.

მსგავსი პროცესები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ლარის გამყარებასთან დაკავშირებით, ერთხელ უკვე იყო მომხდარი საქართველოში, ოღონდ გაცილებით რთული ფორმით და უფრო რთულ დროში. მაშინ საკუთარ თავზე გამოვცადე ამ მოვლენის საფინანსო-ეკონომიკური და პოლიტიკური უსიამოვნებები, რადგან მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი. გავუშვებდი ლარს მკვეთრი გამყარების მიმართულები-“ვაის შევეყრებოდი”( “მრეწველები” და სხვა ლობი პარლამენტში), დავასუსტებდი ლარს, ანუ შევისყიდდი დოლარებს -“ვუის შევეყრებოდი” (ფასები ავარდებოდა). ასეც მოხდა, რაღაც პერიოდში ქვეყანაში ინფლაცია ორნიშნა გახდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში დიდძალი კაპიტალი შემოვიდა. ამის მთავარი მიზეზი მასშტაბური პრივატიზაცია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზღვავება იყო, მათ შორის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” და “ბაქო-თბილისი-ერზერუმის”პროექტებიდან. მაშინ ლარი ერთ დოლართან მიმართებით 2,2-დან სწრაფად გამყარდა 1,4-ამდე. აქ ვიგრძენით პირველად “ჰოლანდიური დაავადების” მსგავსი ფენომენის მთელი სიმძიმე.

დღესაც, როგორც მაშინ, ეროვნული ბანკი ყიდულობს “ჭარბ” დოლარებს და ზრდის ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებს, მაგრამ ამავდროულად მიმოქცევაში უშვებს დიდძალ ლარს. იზრდება ფულის მასა და შესაბამისად, ინფლაციის რისკებიც.

რუსეთიდან კაპიტალის და მოქალაქეების გაქცევის კვალობაზე ( დღეის მდგომარეობით საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოქცეულმა 120 ათასმა რუსმა მიგრანტმა შეაფარა თავი), მოხდა კოლოსალური ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინება, რამაც ლარი დოლართან მკვეთრად გაამყარა 3,2-დან 2,5-ამდე. რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, კურსი ორთან უფრო ახლოს იქნებოდა.

ფასებიც 2022 წელს გაიზარდა 10 პროცენტით, თუმცა ეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ვალუტის შესყიდვების ბრალი არ ყოფილა.

რუსი მიგრანტების მასობრივმა შემოსვლამ და ამ ქვეყნიდან განხორციელებულმა ფინანსურმა ტრანსაქციებმა გამოიწვია საქართველოში მშპ-ს ზრდა, მაგრამ ამავე დროს მკვეთად გაიზარდა უძრავი ქონების( განსაკუთრებით ბინების) ფასები, ისევე როგორც ბინების ქირავნობის ფასები. ამან სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს.

გარდა ეკონომიკური ხასიათის პრობლემებისა( პოზიტიურთან ერთად), მიგრანტების ზრდა ქმნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის პრობლემებსაც.

ქვეყანაში, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 120 ათასი რუსი “დევნილის” გადმოსახლება სერიოზულ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს( დაახლოებით 15 ათასი ბინა), აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება, ანუ ზოგი ერთ ბინაზე მეტსაც კი ყიდულობდა. ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა შეიძინეს, სადაც მყიდველთა რაოდენობამ 1679 ადამიანი შეადგინა. ეს პროცესი საჭიროებს გონივრულ მართვას, მათ შორის ბინადრობის უფლების არსებული წესების გადახედვას მისი ნაწილობრივი გამკაცრების კუთხით.

როგორც ვხედავთ, ის, რაც ერთი შეხედვით მონეტარული და სავალუტო საკითხად წარმოგვიდგება, სულ სხვა მოვლენის სახითაც იჩენს ხოლმე თავს.

გაივლის არც თუ ისე დიდი დრო და როცა გადმორიცხვები შემცირდება, უკვე იმაზე მოგვიწევს დარდი, ლარი კვლავ უკან რომ არ დაიძრას. ეს ხომ უფრო ნაჩვევი სურათია, ვიდრე ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის ლარის გამყარება მოულოდნელი სიურპრიზია.

მომავალში ლარის გაუფასურება სულაც არ არის ფატალურად გარდაუვალი. გავიხსენოთ, თითქმის ათი წლის განმავლობაში როგორ იდგა უძრავად 1,65-ის ნიშნულზე. ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა, ხომ? თანაც მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც.

ლარის სტაბილურობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ფულად-საკრედიტო თუ საბიუჯეტო პოლიტიკაზე. ეს დიდი პოლიტიკის, ანუ ხელისუფლების ავკარგიანობის ნაწილიცაა. ამაზე ისედაც ბევრს ვსაუბრობთ. დღეს მხოლოდ მონეტარულით ამბებით შემოვიფარგლოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები