მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს რუმინეთთან, რომელმაც პროევროპული ლიდერი აირჩია?

რუმინეთის პრეზიდენტი

მიმდინარე კვირაში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი, ევროკავშირის და უკრაინის კრიტიკოსი ჯორჯე სიმიონი.

“ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნიკუშორ დანს პრეზიდენტად არჩევა X-ზე მიულოცა.

"რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - დაწერა კობახიძემ.

BMG გთავაზობთ საქართველო რუმინეთის ეკონომიკური ურთიერთობის ძირითად მაჩვენებლებს. დავიწყოთ ვაჭრობით, 2025 წლის ოთხ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 104 მლნ დოლარს გადააჭარბა, აქედან ექსპორტი 15 მლნ დოლარია, დანარჩენი კი იმპორტია. შარშან საქართველოს ექსპორტი რუმინეთში 28.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 15%-ია. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს საქართველომ რუმინეთიდან თითქმის 219 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი იყიდა, იმპორტის მოცულობა 2023 წელთან შედარებით თითქმის იგივე იყო.

იმპორტში მთავარი პროდუქტია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადგან ევროპიდან საწვავი საქართველოში ძირითადად რუმინეთიდან შემოდის. საქართველო ასევე ყიდულობს თამბაქოს ნაწარმს, ხოლო მესამე ადგილს რუმინეთიდან იმპორტში საბურავები იკავებს.

2025 წლის ოთხ თვეში რუმინეთში მთავარი საექსპორტო საქონელია: სასუქები (12.6 მლნ დოლარი); ფეროშენადნობები (1.5 მლნ დოლარი); სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი (261 ათასი დოლარი). რაც შეეხება ტურიზმს, შარშან რუმინეთიდან ჯამში 8246 ვიზიტი შედგა, წლიურად ვიზიტები 26%-ით არის გაზრდილი. ზრდის მიუხედავად, რუმინეთის წილი ქართულ ტურიზმში მაინც დაბალია.

საქართველო ამ ეტაპზე რუმინეთთან თანამშრომლობს ენერგეტიკის მიმართულებით. ორივე ქვეყანა ჩართულია ე.წ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში. განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები