მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ვიეტნამთან?

12

საქართველოში ვიზიტად ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. გუშინ, 12 ოქტომბერს, ვიეტნამსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმიც გაფორმდა.

მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების ორგანიზებას, ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და სტაჟიორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების წარმოების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვისა და სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

BMG დაინტერესდა რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ვიეტნამთან.

ვაჭრობა

2025 წელს საქართველო-ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვა 61.7 მლნ დოლარი იყო, წელს 8 თვეში კი 44 მლნ დოლარამდე შემცირდა, წლიურად კლება 4.5%-ს შეადგენს. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ვიეტნამში 510 ათასი დოლარის პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე (28%-ით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდზე). საქართველოდან ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ცხოველთან დაკავშირებული პროდუქცია იყო. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში ვიეტნამიდან იმპორტი 4%-ით 43.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. ვიეტნამიდან საქართველო ძირითადად მობილურ ტელეფონებს და მასთან დაკავშირებულ აპარატურას და ყავას ყიდულობს.

კერძოდ ძირითადი იმპორტირებული პროდუქტები ასეთია:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 20.3 მლნ დოლარი;
  • ყავა, მოხალული ან მოუხალავი - 4.5 მლნ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.9 მლნ დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 2.8 მლნ დოლარი;
  • კაკალი ქოქოსის, ბრაზილიური და კეშიუ - 1.4 მლნ დოლარი;

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმს, ეს მაჩვენებლები მცირეა, თუმცა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ვიეტნამიდან ვიზიტების რაოდენობა 41%-ით 679-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ვიეტნამის წილი ქართულ ტურიზმში 0.02% იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ვიეტნამიდან არ ფიქსირდება.

ფულადი გზავნილები

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წელს 8 თვეში ვიეტნამიდან ფულადი გზავნილები არ დაფიქსირებულა, თუმცა გასულ წელს 17.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს 27.5 მლნ დოლარი, 2023 წელს 31.4 მლნ დოლარი; 2022 წელს 40 მლნ დოლარი, ხოლო 2021 წელს 42 მლნ დოლარი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები