საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე BMGTV-ს გადაცემაში BMGDRIVE საუბრობს იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად დადგეს.
მისი შეფასებით, საშუალო კლასის მოსახლეობა ვერ იაზრებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება ქვეყანას ელოდოს. მისივე თქმით, მართალია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსული ფაქტორები ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის 70% დასავლური კაპიტალია. შედეგად, თუ ინვესტორები ვეღარ დაინახავენ ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილთვისებიან გარემოს, ისინი დაიწყებენ ფულის გატანას და აქ არსებული ბიზნესების გაყიდვას.
„ქართული ეკონომიკის სტრუქტურას თუ შევხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსული ფაქტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ქართული ეკონომიკის 70% მაინც არის დასავლური. იქნება ეს ფინანსური სექტორი, სავაჭრო სექტორი თუ სხვა. ჩვენ ნელ-ნელა მომსწრენი გავხდებით იმისა, რომ არათუ ინვესტიციების შემოსვლის, არამედ უკვე შემოსული დასავლური კაპიტალის ნელ-ნელა ქვეყნიდან გასვლის. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, რადგან ყველამ იცის, რომ როდესაც ქვეყანა იზოლაციის გზას ადგება, იქ არ არსებობს საკუთრების დაცვა, თამაშის თანაბარი წესები.
საქართველო რით არის საინტერესო? - კარიბჭეა ევროპაში. თუ საქართველო არის რუსეთის სატელიტი, მაშინ რატომ შემოვა ინვესტორი აქ? თუ ინვესტორს ინვესტიციის განხორციელება ენდომება პირდაპირ რუსეთში, უფრო დიდ ბაზარზე ჩადებს ფულს. [ინვესტორის] გასვლა ნიშნავს, უარყოფით საინვესტიციო პოზიციას. ანუ, ადამიანები და ბიზნესები დაიწყებენ ქვეყნიდან ფულის გატანას, აქტივების გაყიდვას. რაც ნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, რომ უცხოური ვალუტა შემოდიოდეს, უცხოური ვალუტის გადინება დაიწყება. უცხოური ვალუტის გადინება, პირველ რიგში ლარის გაცვლით კურსზე აისახება, რისი მომსწრეები წინა საარჩევნო პერიოდში ვიყავით, როდესაც ეროვნული ბანკიც ჩაერია და კურსის შესანარჩუნებლად, ჩემი ვარაუდით ბოლო ორ თვეში, დაახლოებით 700-800 მლნ დოლარი დახარჯა “, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
მისივე შეფასებით, ამ პროცესების შედეგი შესაძლოა გაუარესებული ლარის გაცვლითი კურსი, ფასების ზრდა და ინფლაცია იყოს, რაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარს შეამცირებს და მათ გაღარიბებას გამოიწვევს. ამასთან, წინ ქვეყანას საბანკო კრიზისი, საკრედიტო კრიზისი, უძრავ ქონებაზე ფასების კლება და შედეგად, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი ელოდება. დიდი პროექტი გაჩერდება, უმუშევრობა გაიზრდება და სამწუხაროდ, ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით მძიმე პერიოდი დაიწყება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.