მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის ბიზნესსახლის 10-მილიონიან შენობას?

63eb8b73bbc1b
ანუკა ჯოხაძე
15.02.23 10:13
1229
გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობაზე განცხადება გააკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამინიტრო თავის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებით ორთაჭალაში გულიას 3 ნომერში უნდა გადავიდეს. ამ მისამართზე ჯერ კიდევ 2016 წელს ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. ადგილზე კონსტრუქციის მშენებლობაში, რომელიც ამ ეტაპზე დაკონსერვებულია, სახელწმიფომ 10 მლნ ლარი დახარჯა.

სამინისტროს ახალი შენობის პროექტის მომზადებაზე გამარტივებული შესყიდვის წესით 1.7 მლნ-იანი ხელშეკრულება 2022 წლის 6 ოქტომბერს შპს “მიდამოს”-თან გაფორმდა. კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი პროექტი სამინისტროსთვის 2022 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა.

როგორც BM.GE-ისთვის ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოწოდებული პასუხიდან ირკვევა, კომპანიამ დადგენილ ვადებში პროექტის მომზადება ვერ შეძლო, რის გამოც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ერიცხება.

“მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების ერთიანი ადმინისტრაციული შენობით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, დიმიტრი გულიას N3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მშენებლობისთვის საჭირო არქიტექტურული/საპროექტო მომსახურების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 23 დეკემბერი.

პროექტირების პროცესში გამოიკვეთა ფუნქციური ფართის კორექტირების შესაძლებლობა, რაც იძლევა ბიუჯეტის დაზოგვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პროცესის დამუშავებისთვის საჭირო გახდა დამატებითი დრო. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე”, - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

BM.GE უფრო მეტი ინფორმაციისთვის კონტრაქტორი კომპანიის შპს “მიდამოს” დირექტორს, გიორგი ჭყონიას დაუკავშირდა. როგორც ჭყონია აცხადებს, პროექტში შესული ცვლილებების გამო 23 დეკემბრამდე დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ ერთი ეტაპის შესრულება მოხერხდა, სრულად კი, მისი თქმით, სამუშაოები 31 მარტამდე დასრულდება.

“სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 2 ეტაპის შესრულება ვერ მოესწრო, რაც ჩაგვითვალეს ვადაგადაცილებაში და დაგვაკისრეს პირგასამტეხლო. პირველი ეტაპის სამუშაოები შესრულებულია. პირველი ეტაპი გულისხმობდა სრულ ესკიზურ პროექტს, დეტალურ გეგმარებას, ფუნქციურ გადანაწილებას, ვიზუალურ მხარეს საფასადეს, მათ შორის რენდერებს.

ახლა ვმუშაობთ დეტალიზაციაზე. ორი ეტაპია დარჩენილი, ესაა სანებართვო დოკუმენტაცია, რაც სპეციფიურია და განსხვავდება ესკიზურისგან. ვმუშაობთ დეტალურ პროექტზე”, - აცხადებს შპს “მიდამოს” დირექტორი გიორგი ჭყონია.

ეკონომიკის სამინისტროს ახალ პროექტზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობების ესკიზები უკვე ჩააბარეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში BM.GE-ის მოთხოვნის მიუხედავად, მზა რენდერების გამოგზავნაზე უარი უთხრეს. მათი განმარტებით, შესაძლოა აღნიშნული ესკიზები შეიცვალოს.

კითხვაზე, არსებული პროექტის მიხედვით რისი განხორციელება იგეგმება ადგილზე, გიორგი ჭყონია გვპასუხობს, რომ კონსტრუქცია, რომლის აშენებაც ბიზნეს სახლისთვის ორთაჭალაში, გულიას 3 ნომერში, სახელმწიფოს 10 მილიონი ლარი დაუჯდა, საკმარისი არ არის იმ რაოდენობის დასაქმებულებისთვის, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს უწყება აერთიანებს.

მისი თქმით, ამ მიზეზის გამო არსებული კონსტრუქციის ნაწილის დემონტაჟი მოხდება და ტერიტორიაზე დამატებით 2 ახალი 10-სართულიანი შენობა აშენდება.

“ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შენობა. შენობის უდიდეს ნაწილს ვინარჩუნებთ, თუმცა ნაწილის დემონტაჟი ხდება. 2 ახალი შენობის დადგმა მოხდება და ის არსებულ კონსტრუქციასთან ინტეგრირებული იქნება. 10-სართულიანი შენობა იქნება ყველაზე მაღალი, მიწისქვეშა 2 საპარკინგე სივრცით. არსებული შენობების სართულიანობა კი მერყეობს 3-4 სართულამდე, რაც ნარჩუნდება”, - აცხადებს შპს “მიდამოს” დირექტორი გიორგი ჭყონია.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2015 წლიდან დამოუკიდებელი შენობის გარეშე არის დარჩენილი, რადგანაც სამინისტროს ყოფილი ნაგებობა გასხვისდა და ადგილზე "ჰუალინგ ჯგუფი" ახალ სასტუმროს აშენებს.

ეკონომიკის სამინისტრო ჯერ ნაქირავებ ოფისში იყო, რაშიც 2016-2018 წლებში 4.4 მილიონის იჯარა იყო გადახდილი, შემდეგ კი სამინისტრო იუსტიციის სახლის იმ ფლიგელში გადავიდა, სადაც წარსულში ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული.

ახალი ოფისი 49,000 კვადრატული მეტრის იქნება და მასში სამინისტროსთან ერთად, მისდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების ნაწილიც განთავსდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს ახალი შენობის მშენებლობა, ასევე უცნობია როდის გამოცხადდება მასზე ტენდერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები