საქართველოს კერძო კომპანიებს, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრამდე არიან რეგისტრირებული, მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამონაწერის განახლებისთვის ვადა 2026 წლის 31 მარტამდე აქვთ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ათიათასობით კომპანია დარჩენილ ვადაში ამონაწერს არ განაახლებს და სარეგისტრაციო მონაცემებს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს - ამ საკითხებზე "საქმიანი დილას" ეთერში Loialte Legal-ის ხელმძღვანელი ლანა პაიჭაძე საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება შეეხებათ სამეწარმეო საზოგადოებებს და არა - ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს (ააიპ).
"პირველ რიგში, თუ სამეწარმეო საზოგადოება 2026 წლის 1-ელ აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს შესაბამისობაში არ მოიყვანს, ასეთ შემთხვევაში საწარმოს უჩერდება რეგისტრაცია, სტატუსი არის შეჩერებული. შეჩერების შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვრცელდება მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და მომენტალურად ეგზავნება შემოსავლების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოში მოქმედ ბანკებს...
და რატომ ხდება ამ ინფორმაციის მიმოცვლა? შეჩერების სტატუსი გულისხმობს იმას, რომ ბიზნესსუბიექტი არის უფუნქციო. ვერ განახორციელებს მთელ რიგ მოქმედებებს, როგორებიც არის: საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, ანგარიშებზე არსებული თანხების განკარგვა, ქონების განკარგვა, თუნდაც კრედიტის აღების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მას შეზღუდული ექნება და მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, როდესაც საწარმოს სტატუსი აქვს შეჩერებული", - ამბობს ლანა პაიჭაძე.
სტატუსის შეჩერება, მისი განმარტებით, კომპანიის გაუქმებას არ ნიშნავს. BMG-ის ეთერში Loialte Legal-ის ხელმძღვანელი იმ ვადებსა და ეტაპებზე საუბრობს, რომელთა ამოწურვის შემდეგაც კომპანიას გაუქმება და ქონების ლიკვიდაცია ემუქრება.
"შეჩერების სტატუსი კანონმდებლობით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს. მეორე ეტაპზე, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, სამეწარმეო საზოგადოებას უკვე ენიჭება ხარვეზიანის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობა კომპანიას დამატებით 3 თვეს ანიჭებს და აძლევს უფლებას, მივიდეს იუსტიციის სახლში და განახორციელოს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო თუ არც ამ 3-თვიან ვადაში განაახლა ამონაწერი, უკვე მესამე ეტაპია გაუქმება - ბიზნესსუბიექტის საწარმო ან და ფილიალი გადადის გაუქმების ეტაპზე.
კანონმდებელი ცალსახა რეგულაციას გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ უკვე გაუქმებულ სამეწარმეო საზოგადოებას გააჩნია რეგისტრირებული ქონება. ასეთ შემთხვევაში, უკვე პარტნიორი ან კიდევ დაინტერესებული პირი, კრედიტორი, განცხადების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყება ქონების ლიკვიდაციის პროცესი", - ამბობს ლანა პაიჭაძე.
შესაბამისად, სტატუსის შეჩერებიდან ქონების ლიკვიდაციამდე, კომპანიამ 11 თვე და სამი ეტაპი უნდა გაიაროს - მიუხედავად ამისა, Loialte-ს ხელმძღვანელი მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ საწარმოებისთვის მნიშვნელოვანია, ეს პროცესი პირველ ეტაპს საერთოდ არ გასცდეს.
"შეიძლება ჩათვალოს ბიზნესსუბიექტმა, რომ ეს 11 თვე ხომ მაქვს და მერე განვახორციელებ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობას... ეს არ არის სწორი ხედვა, რადგან ის ვერ განახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. იმისთვის, რომ ბიზნესსუბიექტმა კვლავ სრულფასოვნად განაგრძოს ოპერირება, მას სჭირდება, რომ სარეგისტრაციო მონაცემები დაუყოვნებლივ მოიყვანოს შესაბამისობაში. რისთვისაც ყველაზე გონივრული იქნება 1-ელ აპრილამდე მისვლა იუსტიციის სახლში", - ამბობს ლანა პაიჭაძე.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, ბიზნესების რეგისტრაციის ვადა ერთხელ უკვე გადავადდა - წინა ჯერზე ის 2025 წლის 1 აპრილს უნდა ამოქმედებულიყო და ვადამ ერთი წლით გახანგრძლივდა. ჯერჯერობით უცნობია გადაავადებს თუ არა მთავრობა კანონის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ.
უფრო ვრცლად კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.




























