რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი? – bm.ge-ს ამ შეკითხვას დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ინვესტორი ჯერ შერჩეული არ არის, შერჩევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორი შერჩეულია, რაც მინისტრმა დღეს არ დაადასტურა.
„პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე. ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. პროექტის განხორციელების ეფექტიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში. მაგრამ სამინისტროში ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი, კერძოდ, ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ერთი ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე, რომელიც შეიძლება პოტენციური ოპერატორიც იყოს სახელმწიფოსთან ერთად. მეორე - იცით სახელმწიფო კომპანია, რომელიც პარალელურად მუშაობს და აქაც გვყავს საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკური საექსპერტო კომპანია აყვანილი, რომელიც მუშაობს, არსებული პროექტის შეფასებაზე და მას შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის რომ ჩვენ პარალელურად შევძლოთ სამუშაოების დაწყება, იმ უნივერსალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ნებისმიერი კონფიგურაციისთვის გამოსაყენებელი იქნება, ვსაუბრობ ძირითადად საზღვაო ნაწილზე. ეს პროცესი უნდა დავიწყოთ უკვე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ანაკლიის განვითარება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს.
„ეს ორი პროცესი 2024 წელს გადაიკვეთება, როცა საერთაშორისო შერჩევის პროცესი საკმაოდ გრძელია. ჩვენ ალბათ წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში გვეყოლება შერჩეული პარტნიორი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. ინვესტორთა განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტის პერიოდში მათ პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდათ 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.