"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ Central Park Towers-ის მშენებლობის ტემპები დაგეგმილს აჭარბებს. როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნა, ყველა გეგმა ვადაზე ადრე სრულდება.
„მშენებლობა ძალიან კარგი ტემპით მიდის, რაც ძალიან სასიხარულო და თვალში საცემია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც. რკინა-ბეტონის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, 23-ე სართულზე ერთი თაუერის კონსტრუქციული ნაგებობის მშენებლობა, ხოლო მეორე თაუერის მე-7 სართულზეა, ისე, როგორც გეგმით არის გათვალისწინებული. ვადაზე ადრეც სრულდება ყველა გეგმა. გარდა ამისა, უკვე გაფორმებულია ძირითადი ხელშეკრულებები, რაც ეხება ფასადს, ლიფტების მონტაჟს, გავაკეთეთ და შევადგინეთ ე.წ. მოკაპი, რაც რედისონ ბლუს სტანდარტით არის გაკეთებული და ა.შ. დაახლოებით ერთი თვის თავზე ვიწყებთ ფასადის და შიდა სარემონტო სამუშაოების წარმოებასაც, ამიტომ ტემპით კმაყოფილი ვართ“, - განაცხადა კვერღელაძემ.
რაც შეეხება გაყიდვებს, მისი თქმით, განსაკუთრებული ინტერესი არის უცხოელი ინვესტორების მხრიდან, თუმცა ადგილობრივებიც არიან, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ.
„ფასს რაც შეეხება, სასტარტოსთან შედარებით ზრდა უკვე თითქმის 70%-ია. ეს არ არის ბოლო ზრდა, რადგან ინვესტიციებში ყველაფერს მათემატიკა სცემს პასუხს და ის ციფრები, რომელიც ამ პროექტს აქვს, შთამბეჭდავია, შესაბამისად, ფასის ზრდის საკმაოდ დიდი რესურსი აქვს. ამას ემატება მშენებლობის სწრაფი ტემპი“, - თქვა კვერღელაძემ.
ცნობისთვის, Central Park Towers „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი გრანდიოზული პროექტია, რომელიც ყაზბეგის გამზირზე შენდება და მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს.
მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს გახსნა. მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.
Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის პრემიუმ რესტორნები. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მეგა რეზორტში არსებული საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ნომრების შეძენა.