ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტების გზაგასაყარზე 13 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. პროექტის ავტორი კომპანია „ფაზისი ენერჯია“, რომელიც ისრაელელ ინვესტორთან ერთად აპირებს მის განხორციელებას. როგორც „ფაზისი ენერჯის“ ხელმძღვანელმა მოგელი ტყებუჩავამ Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფოთის ჰესის პროექტის განხორციელება საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში იგეგმება.
„ეკონომიკის სამინისტროს უკვე გადავეცით ჩვენი მასალები და ახლა ისინი მუშაობენ ამ საკითხზე. მათგან მარტის დასაწყისში ველოდებით პასუხს, რათა დავიწყოთ სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა“, - აღნიშნა მოგელი ტყებუჩავამ.
მისივე თქმით, ჰესის ასაშენებლად ფოთის შესასვლელთან არსებული ორი ჰიდროტექნიკური ნაგებობის, მათ შორის ხიდის გამოყენება იგეგმება, რომელთა ტექნიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე სავალალოა.
„ეს ობიექტი 1958 წელსაა აშენებული, შესაბამისად, ის ამორტიზებულია და სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენმა კომპანიამ არსებული ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა „გროს ენერჯი ჯგუფს“ დაუკვეთა, შემდეგ „საქართველოს მელიორაციამაც“, რომლის მფლობელობაშიც არის ნაგებობები, გამოაცხადა ტენდერი, მანაც შეისწავლა და დაადგინა, რომ სავალალო მდგომარეობაა“, - აცხადებს მოგელი ტყებუჩავა და დასძენს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება ჰესის ასამოქმედებლად დაუშვებელია, - „ამიტომაც კომპანიამ სახელმწიფოს შესთავაზეთ ორკომპონენტიანი პროექტის განხილვა. ერთი - ჰიდრონაგებობის გამოყენება ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით და მეორე ეკოლოგიური გარემოს დაცვითი პროექტი, რაც სახელმწიფოს ინტერესებში შედის.
ინვესტორი ხელს არ მოჰკიდებს ამ პროექტს, ვინაიდან ბევრი რისკია ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ PPP ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, მდინარის გაწმენდას და ა.შ. საჭიროა, გაიწმინდოს ქალაქში გამავალი მდინარე რიონის შტო და მივიდეს საპროექტო ნიშნულამდე. კალაპოტი გასამაგრებელია, წყალსაქაჩები აღსადგენია. წყალს ქალაქის შტოში რეგულირება სჭირდება. ამას დაახლოებით 8-9 მლნ დოლარი ესაჭიროება. ასევე, საჭიროა, ხიდის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, ეს დაახლოებით 6-7 მლნ დოლარი ჯდება. ეს ხარჯები, რაც სახელმწიფოს კომპეტენციას არის მიკუთვნებული, დაახლოებით სავარაუდოდ 16 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის, იქნება დამატებითი ხარჯი. ჩვენ ახლა სახელმწიფოს ვეუბნებით, თუ თქვენ ენერგეტიკული თვალსაზრისით ტარიფში ისეთ თანხას ასახავთ (სავარაუდოდ 8.5 ცენტი 1 კვ.სთ-ზე), რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფას გაუკეთებს თქვენ მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსებას, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა მოგელი ტყებუჩავამ bm.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ენერგეტიკული პროექტის და მანამდე საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, რაც ეკოლოგიურ რისკებს შეამცირებს, ჯამში დაახლოებით 30-31 მლნ დოლარი ჯდება, რისთვისაც ინვესტორი მზადაა.
„სახელმწიფოსგან ჩვენ გვჭირდება ის, რომ ესკო-მ გაგვიფორმოს ხელშეკრულება პირდაპირი წესით შესყიდვის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეისყიდის. ასევე, ამ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, საჭიროა, სახელმწიფომ გასცეს შესაბამისი ნებართვები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს და გაიღოს ის მატერიალური რესურსი [არსებული შენობა-ნაგებობები], რაც საჭიროა პროექტის განხორციელებისთვის“, - აცხადებს „ფაზისი ენერჯის“ დირექტორი.