საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს საინვესტიციო მანდატი დასრულებული აქვს, თუმცა მეორე, $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობს, რისთვისაც $10 მილიონის ინვესტიცია უკვე მოზიდულია.
როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ BMG-სთან განაცხადა, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი იმ კომპანიებიდან გამოსვლაზეა, სადაც ფონდს ინვესტიციები აქვს ჩადებული.
„ფონდს ახალი ინვესტიციების გაკეთების მანდატი უკვე აღარ აქვს. ჯერჯერობით, პორტფელში ათამდე ინვესტიციაა და პირველი ფონდის სასიცოცხლო ციკლიდან დარჩენილი 3 წელი უნდა მოვახმაროთ ამ კომპანიებიდან გამოსვლას და დახურვას“, - ამბობს ნათია ჯანელიძე.
მისივე თქმით, ახალი ფონდისთვის ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა სექტემბრიდან გააქტიურდება. BMG დაინტერესდა თუ არის ხელის შემშლელი ფაქტორები ამ პროცესში. ნათია ჯანელიძე აღნიშნავს, რომ იყო სურვილი საპენსიო ფონდიდან თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ეს საკითხი ბუნდოვანია.
საქმე ისაა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, იზღუდება საპენსიო აქტივების მართვაში გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა და საპენსიო ფონდის მონაწილეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მათი დანაზოგის განმკარგავი აქტივების მმართველი, როდესაც კანონის მოქმედი ვერსიით, 2025 წლის 1 იანვრიდან ეს შესაძლებლობა ჩნდებოდა.
ნათია ჯანელიძე სხვა გარე ფაქტორებს შორის ინვესტირებით დაინტერესებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სიმცირეს გამოყოფს.
„საპენსიო ფონდიდან გვინდოდა თანხის მოზიდვა და გაწელილმა პროცესებმა ცოტა ხელი შეგვიშალა. ცვლილებას ველოდებოდით. რა მოდიფიკაციითაც ახლა არის კანონი მიღებული, თვალსაჩინო არაა. თითქოს მაინც არის შანსი, რომ ეს რესურსი წამოვიდეს საინვესტიციო ფონდებში.
გარე ფაქტორებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან თავად არ ვიყავით ამ საკითხზე მობილიზებული. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ვაპირებთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრიდან ისევ დავიწყოთ. ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ძალიან მცირე რაოდენობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებიც აქ ინვესტირებას მოიაზრებენ, სულ 4-5-ია ასეთი, ეს გარე ფაქტორია, რაც ვიცი, რომ ხელის შემშლელია“,- ამბობს ნათია ჯანელიძე.
Gazelle Finance Georgia საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და არაერთ პროექტში აქვთ თანხები ინვესტირებული. მის ინვესტორ-დონორები მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან. ფონდის მთლიანი პორტფელი 31 მილიონი დოლარია.