მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო გზის მშენებლობა?

კალაძე საბაგირო

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მთავრობის ცნობით, მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს ადგილზე სამუშაოებს გაეცნო. შეგახსენებთ, საბაგიროს პროექტის განხორციელება 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბაგირის გაჭიმვის პროცესი.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს - კომპანია „დოპელმაიერი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები