კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში უკვე დამუშავებულია საერთაშორისო გამოცდილება და შედგა პირველი კონტაქტი სამედიცინო დაწესებულებებთან. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, მონიტორინგის მიმდინარეობაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, შუალედური ანგარიში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება მზად, თუმცა მონიტორინგი, რომელმაც უნდა დაადგინოს რას უკავშირდება ფასების ზრდა, უფრო გრძელვადიანი იქნება.
"ჩვენ გამოვაცხადეთ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის დაწყების შესახებ და ამის მიზეზი იყო ბოლო ერთ წელიწადში გაზრდილი ფასები იმ ნაწილში, სადაც რეგულირება არ ხდება და ფასების ზრდა იყო დაახლოებით 26%-ის ფარგლებში. გარდა ამისა, არაერთი მომართვა ჩვენს სააგენტოს მიმართ, რომ იგივე თუნდაც ამბულატორიულ კონსულტაციებზე თუ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისებზე ფასები იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი. ჩვენ ერთი თვის წინ გამოვაცხადეთ ამ მონიტორინგის დაწყების შესახებ. ამ ეტაპზე დამუშავებულია საერთაშორისო გამოცდილება და ამ კვირაში უკვე შედგა პირველი კონტაქტი სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩვენ მათთან დაგზავნილი გვაქვს შესაბამისი კითხვარი იმ ძირითად საკითხებზე, რაც არის ჩვენი ინტერესის საგანი. მიზანი არის აღნიშნული მონიტორინგის, გაირკვეს რას უკავშირდება ფასების ზრდის პროცესი. ეს არის არგუმენტირებული და დასაბუთებული, იგივე თუნდაც, ხარჯების ზრდით, როგორიცაა აღჭურვილობის, პერსონალის თუ ექიმების ანაზღაურების ზრდის მიმართულებით, თუ არის რაიმე სხვა ისეთი ტიპის ფაქტორებიც, რომელიც უკავშირდება ფასების ზრდის პროცესს, ანუ ხომ არ არის დავუშვათ იმ პოზიტიური რეფორმების შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და მნიშვნელოვანი შედეგი მისცა და დანაზოგი პაციენტებს, ამ დანაზოგის დაბალანსების მცდელობა გაზრდილი ფასებით. აი ეს არის კითხვები, რაზეც ჩვენ მიღებული ინფორმაციის და მისი დამუშავების შემდეგ გვექნება გარკვეული პასუხები. ალბათ, გარკვეულ შუალედურ ანგარიშს წლის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ, თუმცა ალბათ მონიტორინგი უფრო გრძელი ვადით იქნება წარმოდგენილი, რომ უფრო სრულყოფილი ანალიზის საშუალება გვქონდეს და მათ შორის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებიც დავამუშაოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელთანაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება აღნიშნული მონიტორინგი",- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.




























